პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების 21 წლის შემტევმა დეზირე დუემ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, - ინფორმაციას L’Équipe ავრცელებს.
დუემ ტრავმა ნიცასთან სტუმრად 3:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღო, როდესაც მარჯვენა მუხლმა მოულოდნელად უმტყუნა. ახალგაზრდა ფრანგმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.
ეს პარი სენ-ჟერმენისთვის კიდევ ერთი სერიოზული დანაკლისია, რადგან სულ რაღაც 1 თვის წინ ანალოგიური ტრავმა ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო.
სავარაუდოდ, პარიზული კლუბის ყველაზე ცუდი მოლოდინი კვირას დადასტურდება, როდესაც დუეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება.
თუმცა, გამოცემის ცნობით, როგორც პარი სენ-ჟერმენის სამედიცინო შტაბი, ისე თავად ფეხბურთელი დარწმუნებული არიან, რომ მუხლის დაზიანება სერიოზულია.
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან საუბრისას უკვე დაადასტურა, რომ დუეს მძიმე ტრავმა აქვს:
აშკარაა, რომ ეს სერიოზული ტრავმაა. ამის დანახვა ტელევიზიითაც შეგვეძლო. ასეთი შემთხვევები უმაღლეს დონეზე მოასპარეზე პროფესიონალი ფეხბურთელების ცხოვრების ნაწილია. მსგავს სიტუაციებს თითქმის ყოველ ტურში ვხედავთ. ამას უნდა შევეგუოთ. დარწმუნებული ვარ, ის კარგად გამოჯანმრთელდება და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. მასთან საუბარი მოვახერხე, ახლა გასახდელში იმყოფება. უნდა დაველოდოთ საბოლოო სამედიცინო გამოკვლევების შედეგებს, რათა ზუსტად გავიგოთ, რა ტიპის დაზიანება აქვს, თუმცა აშკარაა, რომ ტრავმა სერიოზულია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, პარიზულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევის გაძლიერება მოუწიოს.
დუეც და კვარაცხელიაც რამდენიმე თვით იუქმებენ, ხოლო ზაფხულში ამსტერდამის აიაქსიდან გადმოსულმა მიკა გოდტსმა ჯერჯერობით მოლოდინი ვერ გაამართლა.
VIDEO: მორიგი უმძიმესი ტრავმა პსჟ-ში - დუესთვის სეზონი დასრულდა?