ნიდერლანდური გამოცემის, Voetbal International-ის ყოველკვირეულ გადაცემა Rondje Eredivisie-ში ექსელსიორის ქართველ ნახევარმცველ ირაკლი ეგოიანზე ისაუბრეს.
ერედივიზიონის გასულ ტურში ეგოიანის გუნდმა როტერდამულ დერბიში ფეიენოორდი 3:2 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა და De Telegraaf-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.
გადაცემაში ეგოიანის ყოფილ კლუბს, ტვენტეს, რომლის ტექნიკური დირექტორიც ერიკ ტენ ჰაგია, მისი დაბრუნება ურჩიეს.
Rondje Eredivisie-ის ერთ-ერთმა წამყვანმა, გერტ-იან იაკობსმა განაცხადა, რომ ირაკლი ეგოიანი ისეთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის ყურებაც სიამოვნებას ანიჭებს და რომელსაც ტოპ კლუბებში თუ არა, მეორე ეშელონის გუნდებში თამაში ნამდვილად შეუძლია.
სიოერდ კაიზერმა კი აღნიშნა, რომ ეგოიანი ტვენტეს ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ზამთარში შესაძლოა რაღაც მოხდეს და ტვენტემ მისი წყალობით შემადგენლობის სიღრმე გაზარდოს.
მიმდინარე სეზონში ეგოიანის ანგარიშზე 11 საგოლე მოქმედებაა: ერედივიზიეში მან 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ნიდერლანდების თასზე, მაასტრიხტთან შეხვედრაში დუბლი მიითვალა.