ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული GQ-ის MEN OF THE YEAR 2026 ნომრის გარეკანზე მოხვდა, რომელიც გაყიდვაში 25 ნოემბერს გამოვა.
გამოცემა წინა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ქართველი ფეხბურთელის კარიერის გზას მიმოიხილავს ბათუმიდან ნეაპოლამდე და პარიზამდე.

GQ France-ის სარედაქციო ხელმძღვანელის, კლერ აზანის თქმით, კვარაცხელიას მოედანზე მატჩის ბედის რამდენიმე წამში შეცვლა შეუძლია, მოედნის მიღმა კი თავშეკავებულობითა და გუნდურობის იშვიათი განცდით გამოირჩევა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 2025 წლის იანვარში პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ ის სწრაფად იქცა ლუის ენრიკეს გუნდის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის წინააღმდეგ 5:0 მოგებულ შეხვედრაში მეოთხე გოლიც გაიტანა.

სპორტულმა ჟურნალისტმა დეივ აპადუმ გამოცემასთან საუბრისას კვარაცხელიას იანვრის ტრანსფერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
მისი მოსვლით იანვარში ყველაფერი შეიცვალა. ჩემპიონთა ლიგის ერთგვარ მისტერ პლიუსს იღებ, მოთამაშეს, რომელსაც ფიზიკურად, მენტალურად, ტექნიკურად და ეფექტურობის მხრივ ამ შეხვედრებში რაღაც ზედმეტი აქვს. ვფიქრობ, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ზამთრის ტრანსფერია.
თავად ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენში გადასვლაზე საუბრისას აღნიშნა:
როდესაც მითხრეს, რომ პსჟ ჩემით იყო დაინტერესებული, მაშინვე იქ წასვლა მომინდა. მანამდე მატჩებს ვუყურებდი და პარიზელი გულშემატკივრების სიცხოველეს ვხედავდი. მინდოდა მათთვის მეთამაშა.

ქართველმა შემტევმა ნეაპოლურ პერიოდსა და დიეგო მარადონასთან შედარებაზეც ისაუბრა:
ნეაპოლში მარადონა ღმერთივითაა. ამიტომ მასთან შედარება პატივი და პრივილეგიაა. რა თქმა უნდა, ეს გადაჭარბებულია, მაგრამ ნეაპოლელები ასეთები არიან, ეს მათი ხასიათია. იქ შეიძლება 90 წლის ქალებს შეხვდე, რომლებმაც ფეხბურთზე ყველაფერი იციან. ამ კლუბში თამაშმა ამ სპორტისადმი ჩემი ვნება კიდევ უფრო გაზარდა.

კვარაცხელიამ საქართველოში გატარებული ბავშვობის წლებიც გაიხსენა:
საქართველოში მოედნები ყველა მხრიდან კორპუსებით არის გარშემორტყმული, ცოტათი ბრაზილიასავით. როდესაც თამაშობ, ყველა ფანჯარასთან დგება და მატჩს უყურებს. სხვა გზა არ გაქვს, რაღაც უნდა აჩვენო.