კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ძალთა რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.
FIBA-ს შეფასებით, რვა მატჩში მოპოვებული ხუთი გამარჯვებითა და სამი მარცხით მოთამაშე გუნდს წინ ნოემბრის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ელის.
FIBA-ს ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთან დაპირისპირებისთვის საუკეთესო ევროპელ მოთამაშეებს იკრებს და ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაშია.
ეს, ფედერაციის აზრით, ზუსტად ისეთ სცენარს ქმნის, რომელშიც მთავარ მწვრთნელ ალეკსანდარ ჯიკიჩსა და კაპიტან თორნიკე შენგელიას გამოსავლის პოვნა, სენსაციური გამარჯვების მოპოვება და კალათბურთის სამყაროს გაოცება შეუძლიათ.
ამასთან, FIBA ხაზს უსვამს, რომ ათენში წარმატების შემთხვევაშიც კი ეს ჩოგბურთის ტერმინოლოგიით მხოლოდ ბრეიკი იქნება.
ფედერაციის შეფასებით, საქართველოს ნაკრებს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატისკენ, რომელიც ყატარში გაიმართება, გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად საკუთარი ჩაწოდების შენარჩუნება მატჩპოინტზე, თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ დასჭირდება და სწორედ ეს შეხვედრა შეიძლება იქცეს იმ გადამწყვეტ დარტყმად, რომელიც გუნდს მიზანთან მიაახლოებს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 26 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.