ნოიერი: „ყველა მეკარე მიხვდება, რომ სწორად ვიმოქმედე"
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა, მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურში ეკვადორთან მარცხის (1:2) შემდეგ, მეორე გაშვებულ გოლზე ისაუბრა.
მატჩის 77-ე წუთზე, კუთხურის გათამაშებისა და თანაგუნდელის პასის შემდეგ, გონსალო პლატამ ნოიერის წინ ფეხის გამოწვდენა მოასწრო, ბურთს პირველმა შეეხო და კარში გადაგზავნა.
ნოიერმა ჟურნალისტთან ინტერვიუში საკუთარი ბრალეულობა კატეგორიულად უარყო:
– მანუელ, თქვენ გულწრფელი ადამიანი ხართ. მეორე გაშვებულ გოლზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ?
– არა.
– რატომ არა?
– ბურთის დაჭერას ვცდილობდი. ეს აბსოლუტურად ნორმალური სიტუაციაა. ნებისმიერი მეკარე, ვისაც კი ფეხბურთი უთამაშია, მიხვდება, რომ ზუსტად ეგ პოზიცია უნდა დამეკავებინა და ბურთის დაჭერა მეცადა. რა თქმა უნდა, უიღბლო ეპიზოდი გამოვიდა, მაგრამ ეს ჩემი შეცდომა არ არის.
– გარედან ეს ცოტა უცნაურად ჩანდა...
– აბა, რა პოზიცია უნდა დამეკავებინა? უნდა გადავმხტარიყავი მაშინაც კი, როცა ბურთი პირდაპირ ჩემკენ მოფრინავდა? ბურთისკენ უნდა ვიმოძრაო და მისი დაჭერა ვცადო. თუ ვინმე ფეხს ჩადგამს და ბურთი ჩემ გვერდით ჩაიფრენს, ესე იგი ჩაიფრენს. თუმცა მე ზუსტად ეგ პოზიცია უნდა დამეკავებინა. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობდა“, - განაცხადა ნოიერმა.