მაკლარენის ბრიტანელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა თავის კონკურენტზე, რედ ბულის ნიდერლანდელ პილოტ მაქს ვერსტაპენზე ისაუბრა.
„არ მინდა ვთქვა ან დავიჯერო, რომ ოდესმე მაქსივით კარგი ვიქნები, რადგან ვფიქრობ, არასწორია საკუთარ თავს ეს ვუთხრა. ის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელია ფორმულა 1-ის ისტორიაში. ასე რომ, თუ ვინმე მოგიახლოვდება და გეტყვის: „დიახ, [ის მაქსივით კარგი იქნება]“, უბრალოდ უთხარით, რომ გაეთრიოს. ნებისმიერ პილოტს შეუძლია ასეთი თავდაჯერებით ამის თქმა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს თითქმის შეუძლებელია.
მჯერა თუ არა, რომ ზოგ დღეს მე უკეთესი ვარ? კი. მჯერა თუ არა, რომ ზოგ დღეს ჩემი თანაგუნდელი უკეთესია? კი. მაგრამ საქმე იმაშია, რამდენად კარგია ის სტაბილურად და ეს მართლაც შთამბეჭდავია.
ის არასოდეს მიდის 101%-მდე, მაგრამ ყოველთვის 100%-ზეა და როცა ცუდი დღე აქვს, მაშინაც კი 99%-ზეა.
ძნელია დაამარცხო ადამიანი, რომელიც ფორმულა 1-ის ბოლიდში დაიბადა. რომ შემეძლოს დროში დაბრუნება და არჩევანის გაკეთება, როგორ გავმხდარიყავი უკეთესი მრბოლელი, მეც მეყოლებოდა დედ-მამა მრბოლელები, ბავშვობიდანვე ვიქნებოდი პადოკში, დავიწყებდი კარტინგს იმ ასაკში, რა ასაკშიც მან დაიწყო და ბევრად მეტ ტესტირებას ჩავატარებდი, ვიდრე სხვებმა.
დღეს უფრო კარგი მრბოლელი ვიქნებოდი, ეს ყველაფერი რომ გამეკეთებინა. ასე რომ, სხვებს უწევთ მას დაეწიონ, რადგან ის სწორედ ამ პოზიციაში ყოფნისთვის არის შექმნილი, მაგრამ ამავდროულად, ის მაქსიმალურად იყენებს ამას და ამიტომაც აქვს ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი.“ - განაცხადა ლანდო ნორისმა.
ფორმულა 1-ის სამყაროს ყურადღება სინგაპურის გრან პრისკენ არის მიმართული, სადაც 4 ოქტომბერს კვალიფიკაცია, ხოლო 5-ში რბოლა გაიმართება.