UFC Freedom 250-ზე სირილ განთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ალექს პერეირამ საზოგადოების ყურადღება კულისებში გადაღებული ემოციური კადრებით მიიპყრო.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა მებრძოლმა მოგვიანებით წაგება გაასაჩივრა, ბრძოლის დასრულებისთანავე მისმა რეაქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ შორის იმავე ქარდზე მებრძოლი შონ ო'მალის მხრიდანაც.
არიელ ჰელვანის შოუში სტუმრობისას ო'მალიმ გაიხსენა მომენტი, როდესაც პერეირა კულისებში ატირებულ მამასა და ოჯახის წევრებს ამშვიდებდა. პერეირამ მათ უთხრა: „ჩვენ სხვა ოჯახები ბევრჯერ ჩავაყენეთ ამ მდგომარეობაში, ახლა ჩვენი ჯერია“.
ო'მალიმ ბრაზილიელს ნამდვილი ლეგენდა უწოდა და აღნიშნა, რომ მძიმე ნოკაუტის შემდეგ ასეთი უცაბედი გააზრება და მენტალიტეტი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.
მატჩიდან რამდენიმე დღეში პერეირას პოზიცია შეიცვალა. იგი მიიჩნევს, რომ განმა კეფის არეში რამდენიმე აკრძალული დარტყმა მიაყენა, რის გამოც რეფერი ჰერბ დინის დასჯას და მომავალში მისი ორთაბრძოლებიდან ჩამოშორებას ითხოვს. თავად ჰერბ დინმა ბრალდებებს სპეციალური ვიდეო ინსტრუქციით უპასუხა, სადაც განმარტა, თუ რა ითვლება კეფაში დარტყმად.
მსაჯი პერეირას ბრალდებებს პასუხობს - რატომ დარჩა განეს დარტყმები უყურადღებოდ
პერეირა რევანშს სექტემბერში ითხოვს, თუმცა სირილ განმა ამ გამარჯვებით ტომ ასპინალთან უპირობო ქამრისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, რაც ბრაზილიელის გეგმებს საგრძნობლად ართულებს.