ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სელესაოს კარლო ანჩელოტი გაწვრთნის.
"ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ეროვნულ გუნდს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გაუძღვება.
კარლო ანჩელოტი, რომელიც ისტორიული მიღწევების სინონიმია, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად გამოაცხადა.
ის ბრაზილიას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით გაუძღვება და უკვე საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო 2 მატჩში, ეკვადორთან და პარაგვაისთან უთავკაცებს გუნდს." - წერია ბრაზილიელთა განცხადებაში.
"კარლო ანჩელოტის მოყვანა ბრაზილიის ნაკრებში სტრატეგიულ ნაბიჯზე მეტია. ეს განაცხადია მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ გვსურს, პოდიუმზე უმაღლესი ადგილის დაბრუნება.
ის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია და ახლა პლანეტაზე საუკეთესო ეროვნულ გუნდს ულიდერებს. ერთად ჩვენ დავწერთ ბრაზილიური ფეხბურთის ახალ დიდებულ თავებს." - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა.
კარლო ანჩელოტი ისტორიაში პირველი ევროპელი მწვრთნელი იქნება, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს გაწვრთნის.