მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაადასტურა ლაიფციგიდან 19 წლის კოტ-დ'ივუარელი ვინგერის, იან დიომანდეს ტრანსფერი.
სატრანსფერო ღირებულება, ბონუსების გათვალისწინებით, 140 მილიონ ევროს აღწევს, რითაც დიომანდე მადრიდული გრანდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. მან ჯუდ ბელინგემის 127-მილიონიანი რეკორდი მოხსნა და სამეფო კლუბთან მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გერმანული მედიის ცნობით, ახალგაზრდა შემტევმა ავსტრიაში მდებარე ლაიფციგის საწვრთნელი ბანაკი მერსედესით მას შემდეგ დატოვა, რაც თანაგუნდელებს ემოციურად დაემშვიდობა და ესპანეთისკენ გაფრინდა. დიომანდეს ბუნდესლიგაში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ჟოზე მოურინიოს ტაქტიკაში ზუსტად ის სისწრაფე და ტექნიკა უნდა შეიტანოს, რასაც პორტუგალიელი სპეციალისტი მარჯვენა ფლანგზე ამდენი ხანი ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერიდან შემოსავლის 5%-ს ესპანური ლეგანესი მიიღებს, რომელმაც ფეხბურთელი გერმანელებს 2025 წელს მიჰყიდა.
ამ რეკორდულმა ტრანსფერმა მადრიდში ახალი ინტრიგა გააჩინა. დიომანდეს გუნდში მისვლამ ვინისიუს ჟუნიორის მომავალთან დაკავშირებით დებატები გაამწვავა. ბრაზილიელ ვარსკვლავს კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია და ახლა 124-წლიანი ისტორიის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენის სახით უსერიოზულესი კონკურენტი გამოუჩნდა.