ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ზურაბ მსხალაძემ ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
88 კგ. წონით კატეგორიაში, მსხალაძემ აკვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა (200 კგ.) და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში 363 კგ. დააფიქსირა, რაც მოლდოველ მარინ რობუს შედეგზე (373 კგ.) ნაკლები აღმოჩნდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ევროპის ჩემპიონატის მე-5 დღეს, 88 კგ. წონით კატეგორიაშივე იასპარეზა მანუჩარ გოგოხიამ, რომელმაც ატაცში 166 კგ. დასძლია და ბრინჯაოს მედალი მოიგო.
საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროზე უკვე 6 მედალი აქვს - მსხალაძის მედლებისა და გოგოხიას ბრინჯაოს გარდა, გოდერძი ბერდელიძე (60 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო რამინ შამილიშვილმა (60 კგ.) და არჩილ მალაყმაძემ (79 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.