VIDEO: ტიტულთან ერთ ნაბიჯში - მექვაბიშვილის კრაიოვა თასის ფინალში გავიდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვა რუმინეთის თასის ფინალში გავიდა.
ქართველის გუნდი 1/2 ფინალურ ეტაპზე დინამო ბუქარესტს დაუპირისპირდა, ძირითად დროში 0:0 ითამაშა, დამატებით დროში 0:1-ს აგებდა და 118-ე წუთზე გაათანაბრა, საბოლოოდ კი მეტოქეს პენალტების სერიით აჯობა.
მექვაბიშვილი, ტრადიციულად, კრაიოვას ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 120 წუთი გაატარა, პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, ანრი მამა გახდა - მისი გოგონა, ელისაბედ მექვაბიშვილი თბილისში დაიბადა. Adjarabet Arena-ს სახელით, ვულოცავთ მშობლებს და ელისაბედს ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ.
24 წლის ქართველი ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ჯერ გოლი შეაგდო, გასულ უქმეებზე კი საგოლე პასი გააკეთა.
უნივერსიტატეა კრაიოვას რუმინეთის თასი 7-ჯერ აქვს მოგებული - ბოლოს 2021 წელს და მას შემდეგ ფინალში პირველად ახლა გავიდა.
სატიტულო შეხვედრაში, 13 მაისს, მექვაბას გუნდის მეტოქე უნივერსიტატეა კლუჟი იქნება - თასი ერთხელ, 1965 წელს აქვს მოგებული, ბოლოს კი ფინალში 2023 წელს ითამაშა.