27 და 30 ნოემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 2 მატჩი ელის, რომელთაგან პირველი შეხვედრა, უკრაინასთან აუცილებლად მოსაგებია.
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიამ 26 ნოემბერს თბილისიდან 4500 კილომეტრით დაშორებულ ბარსელონაში უნდა ითამაშოს, ის უკრაინასთან მატჩში მოედანზე იქნება და საქართველოს ამ შეხვედრაში დაეხმარება.
შეხვედრა ბარსელონაში თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. გამოდის, შენგელიამ 24 საათის განმავლობაში 2 მატჩი უნდა ითამაშოს.
შენგელია ბარსელონადან პირდაპირი რეისით დილას გამოფრინდება, თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვება კი 15:50 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ჩამოფრენიდან დაახლოებით ერთ საათში თორნიკე უკრაინასთან მატჩზე სათამაშოდ გამზადებულ საქართველოს ნაკრებს სასტუმროში შეუერთდება.
ნაკრების კაპიტანი 18:45 საათზე გუნდთან ერთად თბილისი არენისკენ დაიძრება, სადაც საქართველო - უკრაინის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ასეთი ფორსმაჟორული ამბავი შენგელიასთვის არახალია. ასეთი რამ 3 წლის წინ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით ფანჯარაში მოხდა. მაშინ 3 დღის ინტერვალით საქართველოს ნაკრები ჯერ ნიდერლანდებში თამაშობდა, შემდეგ კი ისლანდიას თბილისში მასპინძლობდა. ამ მატჩებს შორის თორნიკეს იტალიურ კლუბ ვირტუსს ევროლიგაში თამაში ჰქონდა.
მან 4 დღის მანძილზე 3 ქვეყანა (ნიდერლანდები, იტალია, საქართველო) მოიარა, თითოეულში უმაღლესი დონის მატჩები ჩაატარა და საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა განსაზღვრა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია