ქოვენთრი სიტი 20-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში ბრუნდება. ფრენკ ლამპარდმა, რომელიც გუნდს 2024 წლის ნოემბრიდან უდგას სათავეში, თავის მეორე სრულ სეზონში კლუბი უმაღლეს დივიზიონში დააბრუნა.
პარასკევს, ბლექბერნ როვერსთან გამართულ მატჩში, ქოვენთრის დაწინაურების გასანაღდებლად მხოლოდ ერთი ქულა სჭირდებოდა. ედვუდ პარკზე პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რის შემდეგაც მასპინძლები რიოია მორიშიტას გოლით დაწინაურდნენ. ლამპარდის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ბობი თომასმა შორი მანძილიდან გაათანაბრა ანგარიში, რამაც სტადიონზე მყოფი და ტელეეკრანებთან მსხდომი გულშემატკივრები ნამდვილ ეიფორიაში ჩააგდო.
ეს დამსახურებული მიღწევაა კლუბისთვის, რომელმაც ჩემპიონშიპში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, 86 ქულა აქვს. ქოვენთრი თავის დროზე 34 წლის განმავლობაში ასპარეზობდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, რაც 2001 წლის მაისში დასრულდა. მას შემდეგ გუნდმა მძიმე გზა გაიარა. დაქვეითდა ლიგა 1-სა და ლიგა 2-შიც კი, თუმცა 2018 და 2020 წლების წარმატებული სეზონების შემდეგ, მათი პრემიერ ლიგის მიღმა ყოფნა დასრულდა.