გუშინწინ საღამოს, ფაბრიციო რომანომ იან დიომანდეს რეალში გადასვლაზე თავისი ტრადიციული Here We Go შემოგვთავაზა.
როგორც წესი, ამ ფრაზას იტალიელი ინსაიდერი მხოლოდ 100% დახურულ ტრანსფერებზე იყენებს ხოლმე, რის გამოც მის ამ განცხადებას ბევრი ტრანსფერის გაოფიციალურებასთან აიგივებს. თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ არის კოტ'დიუვარელი 19 წლის შემტევის რეალში ტრანსფერის შემთხვევაში.
The Athletic-ის რეალის განყოფილების ჟურნალისტი მარიო კორტეგანა იტყობინება, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული ამ დრომდე არ არის და მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის შეძენის მცდელობა პსჟ-მ მიატოვა და ბრძოლაში მხოლოდ რეალი დარჩა, მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული.
თუმცა, ფაქტი ისაა, რომ დღეის მდგომარეობით კლუბები შეთანხმებულები არ არიან და მოლაპარაკებები კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს.
ამავეს მოწმობს ის ფაქტიც, რომ დიომანდე გუშინ შვებულებიდან ლაიფციგში დაბრუნდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან ერთადაც ივარჯიშა იქამდე, სანამ კლუბი მის გაყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ამ ვარიანტს ისიც ადასტურებს, რომ თავის Here We Go-ში ფაბრიციოს არ დაუსახელებია კონკრეტული თანხა, რომელსაც რეალი დიომანდეში გადაიხდის და მხოლოდ ის თქვა, რომ ტრანსფერის საფასური 100+ მილიონი ევრო იქნება, რაც ისედაც აშკარაა, რადგან გერმანულმა კლუბმა მადრიდელთა 100-მილიონიანი შეთავაზება დაუყონებლივ დაბლოკა.
როგორც ჩანს, ფაბრიციომ იჩქარა და ტრანსფერი დახურულად მხოლოდ იმიტომ გამოაცხადა, რომ ბრძოლას პსჟ გამოეთიშა და, შესაბამისად, დიომანდეს პრეტენდენტებს შორის მხოლოდ რეალი დარჩა.