-
Aa
+
ფონტის ზომა
რომას გულშემატკივრებმა ინტერნეტსივრცეში საგანგებო პეტიცია გაავრცელეს, რომლის მიზანიც კლუბის მიერ მეისონ გრინვუდის შესაძლო ტრანსფერის ბლოკირებაა. ფანები მარსელის ოლიმპიკის თავდამსხმელის ყიდვას მისი წარსული, მოედნისმიღმა სკანდალების გამო ეწინააღმდეგებიან და რომაულ კლუბს მოუწოდებენ, ერთგული დარჩეს თავისი მორალური ღირებულებების.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომა ინგლისელი შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ამზადებს. ფინანსური ფეირ-პლეის წესების დასაკმაყოფილებლად მარსელს ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ გრინვუდმა საფრანგეთში ფენომენალური სტატისტიკა აჩვენა - 81 მატჩში 48 გოლი გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ რომაელებს შეტევის გაძლიერება სჭირდებათ, ფანების პროტესტმა ტრანსფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. პეტიციამ პირველივე დღეს 500-მდე ხელმოწერა შეაგროვა. ხალხი იხსენებს მის ძველ იმიჯს: მანჩესტერ იუნაიტედში (35 გოლი 129 მატჩში) და იჯარით ხეტაფეში (10 გოლი 36 მატჩში) გატანილი გოლების მიუხედავად, მისი წარსული მაინც მძიმე ტვირთად რჩება.
საზოგადოებრივი მრისხანება 2022 წლის იანვრიდან იღებს სათავეს, როდესაც მანჩესტერის პოლიციამ გრინვუდი მისი შეყვარებულის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებისა და აუდიოჩანაწერის საფუძველზე დააკავა, სადაც ფიზიკური ძალადობა დასტურდებოდა. ამას მოჰყვა „იუნაიტედისგან“ მოკვეთა, Nike-ისგან კონტრაქტის გაუქმება და EA Sports-ის მიერ FIFA-ს თამაშიდან მისი ამოღება.
2023 წლის თებერვალში პროკურატურამ ყველა ბრალდება მოხსნა მას შემდეგ, რაც მთავარმა მოწმეებმა ჩვენებები უკან წაიღეს. თუმცა, საზოგადოებრივი წნეხისა და ანტიძალადობრივი ორგანიზაციების პროტესტის გამო, მანჩესტერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელს კარიერა სხვაგან უნდა გაეგრძელებინა.
რომას გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ გრინვუდის აყვანა ეწინააღმდეგება კლუბის ისეთ სოციალურ კამპანიებს, როგორიცაა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია „Amami e Basta“.
ფანების პეტიციაში ვკითხულობთ:
ჩვენ ვეწინააღმდეგებით მეისონ გრინვუდის გადმოსვლას 'რომაში'. ეს პოზიცია არ ეფუძნება პიროვნულ მტრობას ან რწმენას, რომ ადამიანებს კარიერის აღდგენის უფლება არ აქვთ. ეს ეფუძნება რწმენას, რომ ყველა საფეხბურთო კლუბს აქვს პასუხისმგებლობა, აირჩიოს, ვინ წარმოადგენს მის გერბს. გრინვუდი ჩართული იყო უმძიმეს სკანდალებში. მიუხედავად იურიდიული შედეგებისა, ეს მოვლენები კვლავ განსაზღვრავს მის იმიჯს და მას თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამთიშავ ფიგურად აქცევს.
რომას ხელმძღვანელობას პეტიციაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია. კლუბის ბორდს მოუწევს არჩევანის გაკეთება სპორტულ ინვესტიციასა და გულშემატკივრების მრისხანებასა თუ კომერციულ რისკებს შორის. თავად ფეხბურთელი კი, რომელმაც გასულ სეზონში 26 გოლი და 11 ასისტი მიითვალა 45 მატჩში, ამჟამად „მარსელთან“ ერთად წინასასეზონო სამზადისს გადის.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები

