რამდენიმე წყაროს, მათ შორის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, რობერტო მანჩინი იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატია.
იტალიური სატრანსფერო ექსპერტი TMW-სთან საუბარში აცხადებს, რომ მანჩინის დაბრუნება „სკუადრა აძურას“ სათავეში მხოლოდ „ფორმალობის“ საკითხია.
61 წლის მანჩინი იტალიის ნაკრებს უკვე ხელმძღვანელობდა 2018-2023 წლებში. მისი ხელმძღვანელობით იტალიამ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, თუმცა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაციის გავლა ვერ შეძლო.
ჯენარო გატუზომ გასული წლის მარტში დატოვა აძურას მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ, რაც ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა.
მის ნაცვლად დროებით მწვრთნელად დაინიშნა ბალდინი, რომელმაც ივნისში ლუქსემბურგისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებში იტალია უხელმძღვანელა და ორივე შეხვედრა 1:0 მოაგებინა.
ბალდინი დაწინაურდა 21-წლამდელთა ნაკრებიდან და პირველი გუნდის ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ კვლავ „აძურინის“ ხელმძღვანელად დაბრუნდება.
Calciomercato.com და სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირაც ადასტურებენ, რომ მანჩინი ამ დროისთვის მთავარი კანდიდატია. სკირას ინფორმაციით, მანჩინი 2030 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს.
მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2023 წელს დატოვა და საუდის არაბეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა ამ პოსტზე დაახლოებით 1 წელი დაჰყო. მას არაერთხელ უღიარებია, რომ იტალიის ნაკრების დატოვება შეცდომა იყო და ამ გადაწყვეტილების გამო სინანულიც გამოუთქვამს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2026 წლის 22 ივნისს გაიმართება. მთავარი ფავორიტი ჯოვანი მალაგოა, რომელსაც მანჩინისთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს.
ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ მანჩესტერ სიტის ყოფილი მწვრთნელი და სამპდორიას ლეგენდა უახლოეს კვირებში კოვერჩიანოში მუშაობას მეორე ვადით დაიწყებს.