-
Aa
+
ფონტის ზომა
რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი მასპინძლობდა. ამ დროს ევროპაზე უკვე დამანგრეველი ომის მომასწავებელი ღრუბლები იყო ჩამოწოლილი. ესპანეთი სამოქალაქო ომის სიმძიმეს უმკლავდებოდა, ნაცისტური გერმანიის სამხედრო მანქანამ ავსტრიის ანექსია მოახდინა და მისი ნაკრების ცხრა ფეხბურთელი მიითვისა, რის გამოც ავსტრიელები იძულებულნი გახდნენ ტურნირიდან მოხსნილიყვნენ. არგენტინამ უარი თქვა მონაწილეობაზე, ხოლო ურუგვაი წინა ტურნირის მსგავსად კვლავ არ გამოჩენილა.
როცა იტალიამ მსოფლიო დაიპყრო (I ნაწილი)
ვიტორიო პოცომ კი ამ დროს „აძურიში“ მნიშვნელოვნად შეცვლილი და უფრო უკეთესი შემადგენლობა ჩამოაყალიბა. 1934 წლის ჩემპიონი გუნდიდან მხოლოდ თავდამსხმელები – ჯუზეპე მეაცა და ჯოვანი ფერარი (ორივე „ამბროზიანა-ინტერი“) და მარჯვენა მცველი ერალდო მონძელიო („რომა“) დარჩნენ.
1938 წლის მუნდიალი წინის ანალოგიური ფორმატით, ანუ 16 მონაწილე გუნდის პირდაპირი პლეი-ოფის შეხვედრებით ჩატარდა.
მოქმედმა ჩემპიონებმა ასპარეზობა მარსელში, ნორვეგიის წინააღმდეგ შეხვედრით დაიწყეს.
გადამწყვეტი მომენტი იყო, როდესაც ჩვენმა ფეხბურთელებმა ხელები ასწიეს ფაშისტური მისალმების ნიშნად… მე მოთამაშეებთან ერთად შევედი სტადიონზე, სამხედრო წყობის რიგის მსგავსად და მარჯვენა მხარეს დავდექი. მისალმებისას, როგორც მოსალოდნელი იყო, შეგვხვდნენ გამაყრუებელი სტვენითა და შეურაცხმყოფელი შეძახილების კასკადით.
ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს სამშობლოში ვიყავით, იმდენად ისმოდა ჩვენი დიალექტებისა და გამოთქმების ხმა. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს არეულობა, ვერ გეტყვით, რადგან გაშეშებული ვიყავი და გასწორებულ ხელზე დროის შემოწმება არ შემეძლო. გერმანელი მსაჯი და ნორვეგიელი ფეხბურთელები შეშფოთებულები გვიყურებდნენ. ერთ მომენტში ხმაურმა იკლო და შემდეგ შეწყდა…
ხელები ახალი ჩამოშვებული გვქონდა, რომ ძალადობრივი დემონსტრაცია თავიდან დაიწყო. ხელახლა გაისმა: "გუნდო, მზად იყავით. მიესალმეთ." და ჩვენ კვლავ ავწიეთ ხელები, რათა დაგვედასტურებინა, რომ შიში არ გვქონდა…
ვიტორიო პოცოს ეს მოგონება 1938 წლის ჩემპიონატზე გამართული პირველი მატჩის შესახებ, ნათლად ასახავს ფაშიზმის მიზანმიმართულ და უკომპრომისო მიდგომას იმ ტიტულის შენარჩუნებისადმი, რომელიც იტალიამ ოთხი წლის წინ, საკუთარ ქვეყანაში მოიპოვა.
„ველოდრომზე“ პიეტრო ფერარისის უსწრაფესი გოლით დაწინაურების შემდეგ იტალიელებს ნორვეგიელი თავდამსხმელების შეჩერება საკმაოდ უჭირდათ. მოხერხებულობისა და სიმამაცის წყალობით, მეკარე ალდო ოლივიერი, რომელმაც ჩემპიონების კარში კარიერადამთავრებული ჯანპიერო კომბი შეცვალა და მანამდე მოთამაშე კარლო ჩერეზოლის ადგილიც დაიკავა, სკანდინავიელთა შეტევებს 83-ე წუთამდე უმკლავდებოდა, ხსენებულ დროს კი არნე ბრუსტადმა ანგარიში გაათანაბრა. ოსლოს „ლიუნის“ one-club man-ს მალევე კიდევ ერთი გატანილი გოლი გაუუქმეს და მატჩიც დამატებით დროში გადავიდა, სადაც იტალიელების სირცხვილის ცრემლების ღვრას ლეგენდარული სილვიო პიოლას გოლმა გადაარჩინა…
„Vittoria ma non basta“ (გამარჯვება, მაგრამ არასაკმარისი) – ასე შეაჯამა იტალიურმა პრესამ საერთო იმედგაცრუება. ფაშისტური მილიციის გენერალი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ჯორჯო ვაკარო უკმაყოფილო იყო დაცვაში ალფრედო ფონის ნაცვლად მოხუცი ერალდო მონძელიოს ყოფნით. პოცო ამტკიცებდა, რომ ზეწოლა მოდიოდა ბენიტო მუსოლინის რომაული რეზიდენცია „ვილა ტორლონიიდანაც“, სადაც მონძელიო ფეხბურთში ხშირად ავარჯიშებდა და ჩოგბურთს ეთამაშებოდა „დუჩესა“ და მის შვილებს…
სხვა მერვედფინალურ წყვილებში ოლდრჟიხ ნეიედლისა და ფრანტიშეკ პლანიჩკას ლიდერობით, ჩეხოსლოვაკიამ ნიდერლანდები 3:0 დაამარცხა, ხოლო უნგრეთმა ექვსი უპასუხო გოლით დასაჯა მუნდიალის პირველ აზიურ ნაკრები, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი (ამჟამინდელი ინდონეზია) – კაპიტანმა დიორდ შაროშიმ და დიულა ჟენგელერმა ორ-ორი გოლი გაუტანეს ნიდერლანდების დროშით, ეკიპირებითა და ჰიმნით მონაწილე ინდოჩინელებს.
მასპინძელმა საფრანგეთმა იოლად, 3:1 სძლია ბელგიას, ხოლო კუბამ, რუმინეთთან 3:3 ფრის შემდეგ, გადათამაშებაში 2:1 მოიგო და სენსაცია მოახდინა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მატჩი სტრასბურში გაიმართა: პოლონეთისა და ბრაზილიის დაპირისპირება 11-გოლიანი შოუ გამოდგა, რომელშიც ბრწყინავდნენ ორი ცენტრფორვარდი – პოლონელი ერნსტ ვილიმოვსკი და ბრაზილიელი ლეონიდას და სილვა.
მიუხედავად ვილიმოვსკის პოკერისა, პოლონეთი დამატებით დროში 5:6 დამარცხდა. ლეონიდასმა კი სამიდან ერთი გოლი ცალი ბუცით გაიტანა – მეორე ტალახში დარჩა, თუმცა თანაგუნდელის პასი არ გააფუჭა.
ლეონიდასი, მეტსახელად „შავი ალმასი“ და „რეზინის ადამიანი“, პირველი იყო, რომელმაც ბრაზილია მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა. 1934 წელს ის ნაკრებთან ერთად პირველივე რაუნდში გამოეთიშა ასპარეზობას, მაგრამ 1938 წელს ევროპაში დაბრუნდა როგორც თავისი დროის ყველაზე გამორჩეული სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი.
პარიზში, ანდრე აბეგლენის გოლით შვეიცარიამ გერმანიასთან ფრე (1:1) გაახერხა და გადათამაშების უფლება მოიპოვა. გერმანელთა თავკაცმა ზეპ ჰერბერგერმა ექვსი ფეხბურთელი გამოცვალა, მისი გუნდი კი ორი ბურთით დაწინაურდა, თუმცა შვეიცარიელები არ დანებდნენ, ოთხი გოლი მიიწერეს და გამაოგნებელი გამარჯვება მოუტანეს თავიანთ პატარა ქვეყანას.
საფრანგეთთან მეოთხედფინალური დაპირისპირებისთვის „აძურის“ ძირითადში სამი ცვლილება განხორციელდა. შემადგენლობის შერჩევაში ჯორჯო ვაკაროს ღია პოლიტიკურმა ჩარევამ ერალდო მონძელიოს სანაკრებო კარიერა დაასრულა, მის ნაცვლად მარჯვენა მცველად „იუვენტუსელი“ ალფრედო ფონი დადგა, ხოლო პიეტრო ფერარისისა და პიერო პაზინატის ნაცვლად, ფლანგებზე ჯინო კოლაუსი და ამედეო ბიავატი გამწესდნენ, რამაც პოცოს გუნდს „მკვლელის ინსტინქტი“ დაუბრუნა. ხსენებულ სწრაფ ფლანგელებთან შესანიშნავად ითამაშა ფიზიკურად ძლიერმა სილვიო პიოლამ, რომლის ორმა გოლმაც მასპინძელთა იმედები დაასამარა.
ცნობისთის, რადგან ორივე ქვეყანის ნაკრები ტრადიციულ ლურჯ ფორმაში თამაშობდა, კენჭისყრით გადაწყდა, ვის უნდა შეეცვალა მაისურები. იტალიამ წააგო და ნაცვლად თეთრი სათადარიგო ფორმისა, გუნდი ადგა მთლიანად შავებში გამოეწყო, რაც ასევე პირდაპირ კავშირშია მუსოლინის რეჟიმთან – შავი პერანგი ხომ ნაციონალური პარტიის წევრებსა და ქვეყნის ფაშისტურ შეიარაღებულ ძალებს ემოსათ.
გუსტავ ვეტერსტრიომისა და ჰარი ანდერსონის ჰეთ-თრიქებით შვედეთმა კუბა 8:0 გააცამტვერა, ხოლო ქალაქ ლილში უნგრელებმა, კვლავ შაროშისა და ჟენგელერის გოლებით, გადაღლილი შვეიცარიელები 2:0 დაამარცხეს.
ბრაზილიისა და ჩეხოსლოვაკიის გახმაურებული მატჩი, რომელიც ბორდოს ახალ სტადიონზე გაიმართა, სასტიკი ჩხუბის გამო ისტორიას „ბორდოს ბრძოლის“ სახელით შემორჩა. მეკარე პლანიჩკამ ხელი მოიტეხა, ნეიედლიმ - ფეხი, ორი ბრაზილიელი და ერთი ჩეხოსლოვაკი მოედნიდან გააძევეს. გადათამაშებაში პირველი შეხვედრის 22 ფეხბურთელიდან მხოლოდ რვამ (ექვსი ჩეხოსლოვაკი და ორი ბრაზილიელი) მიიღო მონაწილეობა. ვლასტიმილ კოპეცკის პირველ ტაიმში გატანილი გოლის მიუხედავად, ევროპელებს გამძლეობამ უმტყუნათ, ლეონიდასისა და რობერტოს გოლებმა კი „სელესაო“ ტოპ-ოთხეულში მოახვედრა.
ბორდოს ორრაუნდიანი ბრძოლა ბრაზილიელებს ძვირად დაუჯდათ. თავად განსაჯეთ, გადათამაშებიდან 48 საათის შემდეგ მათ მარსელში მთავარ ფავორიტ იტალიასთან უწევდათ თამაში. დარჩენილი ორი დღე სამხრეთამერიკელებმა მგზავრობას მოანდომეს და იტალიელების წინააღმდეგ არაქათგამოცლილები აღმოჩნდნენ. ამას ისიც დაერთო, რომ ლეონიდასს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და მისი თამაში გამოირიცხა. ჭორის დონეზე იყო მოსაზრება, თითქოს ბრაზილიელები ფინალში გასვლაში ისე იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მთავარი ვარსკვლავი დაასვენესო…
იტალიის ნაკრებმა მატჩიდან მატჩამდე გააუმჯობესა თამაში და კოლაუსისა და მეაცას გოლებით ფინალის საგზური ბრაზილიას არ დაანება, მეორე ნახევარფინალში კი უნგრელებმა შვედები 5:1 გაანადგურეს.
ფინალში სწრაფი, ძლიერი იტალიელებისა და მოხდენილი, ნიჭიერი უნგრელების დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა. კოლაუსიმ მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პალ ტიტკოშმა 60 წამში გაათანაბრა, მილანელთა ლეგენდის დიდებულმა ბურთაობამ თამაშის ბედი შემოაბრუნა: ჯუზეპე მეაცამ შექმნა ორი საგოლე მომენტი, რომელიც პიოლამ და კოლაუსიმ გამოიყენეს და დუბლები შეასრულეს. მიუხედავად შაროშის გოლისა, უნგრეთმა იტალიის დაცვაში მეტი ნაპრალი ვეღარ იპოვა და პოცოს გუნდმაც ზედიზედ მეორედ იზეიმა მსოფლიო თასთან ერთად.
თავდადებისთვის „სკვადრა აძურას“ თითოეულ წევრს 8000 ლირის ოდენობის პრემია (დაახლოებით, მათი სამი თვის ხელფასი) და ფაშისტური მედლები ერგოთ, რომელიც მუსოლინიმ პირადად გადასცა რომში გამართულ 15-წუთიან მიღებაზე.
19 ივნისი, 1938 წელი
პარიზი, „სტად ოლიმპიკ დე კოლომბი“, დასწრება: 45 000
იტალია - უნგრეთი 4:2
იტალია: ალდო ოლივიერი; ალფრედო ფონი, პიეტრო რავა; პიეტრო სერანტონი, მიკელე ანდრეოლო, უგო ლოკატელი; ამედეო ბიავატი, ჯუზეპე მეაცა (კაპ.), სილვიო პიოლა, ჯინო კოლაუსი, ჯოვანი ფერარი.
მწვრთნელი: ვიტორიო პოცო
უნგრეთი: ანტალ საბო; დიულა პოლგარი, შანდორ ბირო; დიულა ლაზარი, დიორდ სუჩი, ანტალ სალაი; დიორდ შაროში (კაპ.), დიულა ჟენგელერი, პალ ტიტკოში.
მწვრთნელი: კაროი დიცი
მსაჯი: ალოიზ ბერანეკი (გერმანია)
საფრანგეთის მუნდიალიდან სულ მოკლე დროში ნაცისტური გერმანიის ტანკები მთელ ევროპას მოედვნენ და მსოფლიოც ექვსწლიან ბნელ ომში ჩაიძირა. ფაშიზმს უკვე ჰქონდა თვალი დადგმული ზედიზედ მესამე ტიტულზე 1942 წელს, მაგრამ მსოფლიო ომის გამო გერმანიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ავტომატურად გაუქმდა.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები

