• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
როცა იტალიამ მსოფლიო დაიპყრო (I ნაწილი)
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

როცა იტალიამ მსოფლიო დაიპყრო (I ნაწილი)

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალიის საფეხბურთო ნაკრები ღრმა კრიზისშია. ერთ დროს მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა ახლა უკვე მწვავე კრიტიკისა და დაცინვის ობიექტადაა ქცეული. ზედიზედ სამი მუნდიალის გაცდენის ირგვლივ ფეხბურთის ყველა ქომაგს თავიანთი მოსაზრება აქვს, ერთი რამ კი ცხადია – „აძურის“ ტიფოზები რამდენიმე წელი მხოლოდ წარსული დიდების მოგონებების იმედადღა არიან.


მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე, გარდამტეხი ტურნირი, რომელიც მასპინძელმა იტალიამ მოიგო, ისტორიული მოვლენა იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მონაწილეობის მისაღებად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა გახდა საჭირო. პლანეტის მოქმედმა ჩემპიონმა ურუგვაიმ ტიტულის დაცვაზე უარი თქვა, ხოლო ტურნირის მიღმა პოლიტიკური მაქინაციების კვალი ნათლად იგრძნობოდა.


ისტორიაა თუ ლეგენდა, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად მოსაყოლია ის, რაც 1934 წლის ფინალურ ეტაპზე მოხდა, როდესაც ბენიტო მუსოლინის ფაშისტური მმართველობისას იტალიამ ტურნირს უმასპინძლა და გაიმარჯვა კიდეც.



„გენერალო ვაკარო“, – მიმართა მუსოლინიმ სამხედრო ჩინის მქონე ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, მიკელე ვაკაროს – „იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს!“


„ყველაფერს გავაკეთებთ სამაგისოდ, დუჩე“, – უპასუხა ვაკარომ.


„გენერალო“, – გაიმეორა მუსოლინიმ, – „მგონი, კარგად ვერ გამიგეთ. მე ვთქვი, რომ იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს!“


და იტალიამ ეს ნამდვილად შეძლო, როგორ? მოდი დასაწყისისთვის ვთქვათ, იტალიური ფესვების მქონე სამი არგენტინელის დახმარებით. ესენი იყვნენ: 1930 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნახევარმცველი ლუის მონტი და გარემარბები – ენრიკე გუაიტა და რაიმუნდო ორსი.


იმჟამინდელი იტალიის ნაკრები „იუვენტუსის“ ბაზაზე იყო აწყობილი, სათავეში კი გუნდს ედგა ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი ვიტორიო პოცო.


დღევანდლამდე რომ დავბრუნდეთ, პოცო ისტორიაში ჯერ კიდევ ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ორი მუნდიალი აქვს მოგებული. „მოხუცი მაესტროს“ მეტსახელით ცნობილი კაცი პირველი მწვრთნელი გამოდგა, რომლის ღრმა ფიქრებმაც დაასკვნა, თუ როგორ გამოეწურა მაქსიმუმი თავისი ფეხბურთელებისგან, მათ შორის – არასაფეხბურთო კუთხით, ადამიანურ მხარეებთან მიმართებაში. მაგალითად, თუ ორი ფეხბურთელი ჩემპიონატის დროს იჩხუბებდა, იგი შეკრებაზე მათ ერთ ოთახში აცხოვრებდა.


მუნდიალის სტარტზე მან სათადარიგო სკამზე დასვა გამოცდილი კარის დარაჯი ჯანპიერო კომბი (იუვენტუსი), რომელიც თითქმის ათი წელი იყო ნაკრების ძირითადი მეკარე. პოცომ უპირატესობა ახალგაზრდა კარლო ჩერეზოლის (ამბროზიანა ინტერი) მიანიჭა, თუმცა ვარჯიშზე მომხდარი უბედური შემთხვევისას ჩერეზოლიმ თითი მოიტეხა... პოცო კომბისთან მივიდა და მოკლედ უთხრა: „მზად ხარ? შენ მჭირდები“. კომბი, დღევანდელი მრავალი ფეხბურთელისგან განსხვავებით, გაბუტული არც ყოფილა და მაშინვე დაუბრუნდა ძირითად გუნდს.


1934 წლის „მუსოლინის ჩემპიონატად“ წოდებული მუნდიალის ფინალური ეტაპი ოთხი კონტინენტური ზონის 16 ნაკრებს შორის ე.წ. ოლიმპიური სისტემით, პირდაპირ პლეი-ოფის წყვილებით ჩატარდა.


იტალიას გაუმართლა, რომ იმ პერიოდის უძლიერესი გუნდი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ურუგვაის ნაკრები, რომელიც თავის მხრივ, 1930 წლის საშინაო მუნდიალზე ერთგვარი ევროპული ბოიკოტით იყო გაბრაზებული, სახლში დარჩა და ევროპაში ასპარეზობა არ მოისურვა. „სკვადრა აძურას“ ასევე გაუმართლა იმაშიც, რომ წინა მუნდიალის ფინალისტი არგენტინა, რომელსაც იმის შიში ჰქონდა, რომ იტალიური კლუბები მის წამყვან ფეხბურთელებს დაიტოვებდნენ, შეგნებულად სუსტი გუნდით ჩავიდა აპენინებზე.


ტურნირი იტალიის რვა ქალაქში გაიმართა. 1930 წლის სადებიუტო ჩემპიონატის გულუბრყვილობა ყველასათვის შესამჩნევად, სწრაფად ქრებოდა და ფაშისტური ეპოქის სიბინძურემ სპორტული მომავლის სახე ნათლად გამოაჩინა.


1930-იანი წლები შესაძლოა, პოლიტიკური დეკადანსის მაგალითი იყო, თუმცა ამავე დროს, ეს იყო ევროპული ფეხბურთის ოქროს ხანა – ნამდვილი ლეგენდების ეპოქა. როგორც ამბობენ, ორ დიდ ევროპელ მეოცნებეს, ვიტორიო პოცოსა და ავსტრიელ ჰუგო მაისლს, განკარგულებაში იმ თაობის უკვდავი ვარსკვლავები ჰყავდათ. 


„აძურიმ“, მუსოლინის თვალთახედვის ქვეშ, პირველ შეხვედრაში იოლად (7:1) დაამარცხა შეერთებული შტატების ნაკრები. ჰეთ-თრიქით გამოირჩა „ბოლონიას“ ფორვარდი ანჯელო სკიავიო. დასუსტებულმა არგენტინამ 2:3 წააგო შვედეთთან, ბრაზილიამ კი პირველივე შეხვედრა დათმო ესპანეთთან. სამაგიეროდ, გერმანიამ ბელგიასთან მოიგო (5:2) ედმუნდ კონენის ჰეთ-თრიქის წყალობით. შვეიცარიამ დიდი გაჭირვებით გაიარა ნიდერლანდების ბარიერი და მეოთხედფინალში შეუერთდა ცენტრალური ევროპის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებს – უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიასა და ავსტრიას, რომელიც ცნობილი იყო როგორც – „Wunderteam“.


არადა ვარსკვლავების, ლეგენდარული მათიას შინდელარის (მეტსახელად „ქაღალდის კაცი“ და „ფეხბურთის მოცარტი“), იოზეფ სმისტიკისა და კარლ ციშეკის ავსტრიას გამარჯვება გაუჭირდა და საფრანგეთს ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ დამატებით დროში სძლია 3:2. ბოლონიაში, უნგრეთთან მათი კლასიკური მეოთხედფინალური დაპირისპირება ბინძურ ჩხუბში გადაიზარდა. უნგრელ იმრე მარკოშს მოედანი დაატოვებინეს, ხოლო დიორდ შაროშის გვიანმა პენალტმა შედეგი ვეღარ გამოიღო, რადგან იოჰან ჰორვატისა და ციშეკის გოლებმა ავსტრია შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.


მეოთხედფინალში კარლ ჰომანმა შვედეთს სამ წუთში ორჯერ გაუტანა და გერმანიას ნახევარფინალის საგზური გაუნაღდა, ხოლო მეოთხედფინალის კიდევ ერთ დაძაბულ მატჩში ჩეხოსლოვაკიამ 3:2 დაამარცხა შვეიცარია. „ნეიტრალებმა“ თავიანთ შესაძლებლობებზე მაღლა ითამაშეს, თუმცა სლავთა ნაკრების კარს აკრობატი ფრანტიშეკ პლანიჩკა იცავდა და კარელ პეტრუს დამოძღვრილი გუნდის ოთხეულში მოხვედრაც მეტწილად მან განაპირობა. 


ფლორენციაში გამართულმა ხმაურიანმა მეოთხედფინალურმა მატჩმა ტურნირის არსი კარგად ასახა: მასპინძელმა იტალიამ და ესპანეთმა ფაქტობრივად ომი გააჩაღეს ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში, სადაც ესპანელთა გოლკიპერი, დიდებული რიკარდო სამორა გმირულად გამოიყურებოდა. ეს იყო საშინელი მატჩი ცუდი მსაჯობით, რაც პირდაპირ კავშირში იყო იტალიელთა მანიაკალურ სურვილთან – ყველანაირი გზით მოეგოთ სანუკვარი ჟიულ რიმეს თასი. მეორე დღეს გადათამაშებისას ფიზიკურმა ძალადობამ ესპანეთს 7 მოთამაშე დააკარგვინა, მათ შორის – სამორა, რომელიც წინა დღეს იტალიელმა თავდამსხმელებმა ფიზიკურად არ დაინდეს… გადათამაშებაში კიდევ უფრო გაუარესდა მსაჯობა და ამ ორ საშინელ მატჩში ლეგენდარული ჯუზეპე მეაცას გოლი, რომელმაც იტალია ნახვეარფინალში გაიყვანა, უმნიშვნელოღა ჩანდა.


ნახევარფინალში იტალიასა და ავსტრიას შორის, მილანში გამართულ პრინციპულ ჯახს „ტალახის აბაზანის“ სახე ჰქონდა, რამაც ავსტრიელთა ტექნიკური თამაში სრულად გაანეიტრალა. შინდელარს ლუის მონტი მთელი თამაში ბინძური ხერხებით ეპაექრებოდა და საბოლოოდ, საწადელსაც მიაღწია. არადა „ვუნდერთიმს“ გაზაფხულზე ტურინში იტალია 4:2 ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ ამჯერად ჰუგო მაისლის გუნდი გატყდა და გუაიტას პირველ ტაიმში გატანილმა გოლმა ავსტრიელთა ოქროს ხანას წერტილი დაუსვა. ვიტორიო პოცომაც ამაყად განაცხადა: „ისინი უკეთესი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერი მამაკაცები ვართ“.


ჩეხოსლოვაკიის ეროვნულმა ნაკრებმა ოლდრჟიხ ნეიედლის სამი გოლით ნახევარფინალში გერმანია 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. 


რომაული ფინალი დიდებული გამოდგა. სწრაფად პროგრესირებადი ჩეხოსლოვაკია თავისი მოკლე პასებით ბრწყინვალედ თამაშობდა და 71-ე წუთზე ანტონინ პუჩის გოლის შემდეგ გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, თუმცა მასპინძლები არ დანებებულან და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ორსის შემთხვევითმა, მოჭრილმა დარტყმამ თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.


საბოლოო ჯამში, ყველაფერი იტალიელთა ფიზიკურმა გამძლეობამ გადაწყვიტა – მეაცამ და გუაიტამ სკიავიოს გამარჯვების გოლი გაატანინეს, მასპინძელმა ქვეყანამ კი, ბევრისდა სამწუხაროდ, მასპინძლის უპირატესობა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა და საოცნებო თასი პირველად შემართა.



10 ივნისი, 1934 წელი


რომი, „სტადიო ნაციონალე“, დასწრება: 55 000


იტალია - ჩეხოსლოვაკია 2:1 (დ.დ.)


იტალია: ჯანპიერო კომბი (კაპ.); ერალდო მონცელიო, ლუიჯი ალემანდი; ატილიო ფერარისი, ლუის მონტი, ლუიჯი ბერტოლინი; ჯუზეპე მეაცა, ჯოვანი ფერარი, რაიმუნდო ორსი, ენრიკე გუაიტა, ანჯელო სკიავიო.


მწვრთნელი: ვიტორიო პოცო


ჩეხოსლოვაკია: ფრანტიშეკ პლანიჩკა (კაპ.); იოსეფ ჩტირჟოკი, ლადისლავ ჟენიშეკი; რუდოლფ კრჩილი, შტეფან ჩამბალი, იოსეფ კოშტალეკი; ანტონინ პუჩი, ოლდრჟიხ ნეიედლი, ირჟი სობოტკა, ფრანტიშეკ სვობოდა, ფრანტიშეკ იუნეკი.


მწვრთნელი: კარელ პეტრუ


მსაჯი: ივან ეკლუნდი (შვედეთი)


პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

იტალია
იტალიის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ინტერი იტალიის 21-გზის ჩემპიონია - გამარჯვება პარმასთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერი იტალიის 21-გზის ჩემპიონია - გამარჯვება პარმასთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დრეიკის გარიგება: ვინ ჩადო 100 მილიონი ვენეციაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დრეიკის გარიგება: ვინ ჩადო 100 მილიონი ვენეციაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლა იტალიის ნაკრებში? - როგორ ყალიბდებოდა პეპის სამწვრთნელო ფილოსოფია აპენინებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლა იტალიის ნაკრებში? - როგორ ყალიბდებოდა პეპის სამწვრთნელო ფილოსოფია აპენინებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვარდი კრემონეზეს ემშვიდობება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვარდი კრემონეზეს ემშვიდობება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 მაი, 2026

ინტერი იტალიის 21-გზის ჩემპიონია - გამარჯვება პარმასთან

News image

09 მაი, 2026

დრეიკის გარიგება: ვინ ჩადო 100 მილიონი ვენეციაში?

News image

20 მაი, 2026

გვარდიოლა იტალიის ნაკრებში? - როგორ ყალიბდებოდა პეპის სამწვრთნელო ფილოსოფია აპენინებზე

News image

26 მაი, 2026

ვარდი კრემონეზეს ემშვიდობება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება