პარი სენ-ჟერმენმა იაპონელი მეკარის, ძიონ სუძუკის ტრანსფერზე პარმასთან შეთანხმებას მიაღწია.
RMC Sport-ის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ევროა, ხოლო სუძუკი პსჟ-სთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გეგმის მიხედვით, 23 წლის მეკარე მომავალ სეზონს იჯარით სხვა კლუბში გაატარებს. ერთ-ერთ ვარიანტად იუვენტუსი განიხილება, თუმცა ტურინული კლუბი ერთადერთი შესაძლო ვარიანტი არ არის.
პსჟ ამ ტრანსფერით მომავალზე გათვლას აკეთებს და საკუთარ რიგებს ნიჭიერი მეკარით აძლიერებს. გადაწყვეტილებაში გარკვეული როლი აზიის ბაზარზე მარკეტინგულმა ფაქტორმაც ითამაშა.
ამასთან, პარიზული კლუბი დარწმუნებულია, რომ მიკა გოდტსისა და ფერან ტორესის ტრანსფერებსაც მალე დაასრულებს. ორივე ფეხბურთელს პსჟ-სთან პირადი პირობები უკვე შეთანხმებული აქვს, კლუბებს შორის მოლაპარაკებები კი გრძელდება.