არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენი ევროპის მბრძანებელია. ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში ტრიუმფამდე პარიზული კლუბი კონტინენტის მასშტაბით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა ევროტიტულებით, მათ მონაგარში ხომ მხოლოდ ერთი ევროპული თასი იყო.
პსჟ-ის ისტორია ევროტურნირებზე 1982 წელს დაიწყო, როდესაც პარიზული კლუბი საფრანგეთის თასის გამარჯვებულის სახელით 1982-83 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ჩაერთო. მოლოდინი დიდი იყო და პსჟ-მაც საგანგებოდ ევროსარბიელისთვის მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი ოსვალდო არდილესი, ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი ჰოლანდიელი კეეს კისტი და ბოსნიაკი იუგოსლავიელი საფეტ სუშიჩი დაიმატა, რომლებსაც გუნდში დახვდნენ საფრანგეთის ნაკრების წევრები: დომინიკ ბარატელი, ლუის ფერნანდესი, დომინიკ როშტო, დომინიკ ბატენე და სხვები.
გათამაშება პარი სენ-ჟერმენმა ბულგარეთში მარცხით (0:1) დაიწყო, მაგრამ სოფიის ლოკომოტივი შინ პირწმინდად დაჩაგრა - 5:1. მეორე წრეში პარიზულმა კლუბმა უელსურ სუონსი სიტის ორივე მატჩში, საერთო ანგარიშით 3:0 სძლია, მაგრამ მის შემდეგ ბელგიურ კლუბთან, გენკის ვატერსხეი თორთან, რომელმაც არსებობა ხუთიოდე წელიწადში შეწყვიტა, დამატებით დროში დამარცხდა.
„წითელ-ლურჯებმა“ იმავე ევროტურნირზე მომდევნო წელსაც ითამაშეს, რა დროსაც ჩრდილო ირლანდიული გლენტორანის ძლევის შემდეგ გადაულახავი ბარიერი მიშელ პლატინი და იუვენტუსი გამოდგა.
მომდევნო წელს უკვე UEFA-სთასი იყო, სადაც პსჟ ედინბურგის ჰარტსის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ უნგრულ ვიდეოტონთან გამოეთიშა ტურნირს.
1986 წელს საფრანგეთში პირველად გაჩემპიონების შემდეგ პარიზულმა გუნდმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშების კარი შეაღო, თუმცა მალევე მოუხდა გამოხურვა - ჩეხოსლოვაკიურმა ვიტკოვიცემ პარიზელთა ოცნებები პირველივე წრეში დაასამარა. 80-იანი წლების მიწურულს კი პსჟ-მ ისევ UEFA-ს თასზე, ისევ მეორე წრეში და ისევ ძლიერ იუვენტუსთან იწვნია მარცხი.
ახალ დეკადაში პარი სენ-ჟერმენმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონობა და ქვეყნის თასები (1993, 1994, 1995 და 1998 წლებში). სწორედ ამ პერიოდში იგებს დედაქალაქური გუნდი პირველ ევროტურნირს - თასების მფლობელთა თასს, მაგრამ მანამდე, 1992-93 წლების UEFA-ს თასზე იბადება ახალი პარიზული გუნდი, როგორც ანგარიშგასაწევი ძალა. ხსენებულ ტურნირზე პსჟ ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს სალონიკის პაოკ-ს (2:0; 3:0), ნაპოლის (0:0; 2:0), ანდერლეხტსა (0:0; 1:1) და მადრიდის რეალს (1:3; 4:1), მაგრამ ნახევარფინალში დაუძლეველი ბარიერი კვლავ ტურინული გრანდია - „ბებერი სინიორა“ ორივე მატჩში ამარცხებს პსჟ-ს და საბოლოოდ თასსაც ეუფლება.
ეს გათამაშება პარიზული კლუბის ფეხბურთელებს სახელს უხვეჭს. ბერნარ ლამა, ჯორჯ ვეა, დავიდ ჟინოლა, ვალდო, პოლ ლე გუენი და ანტუან კომბუარე შემდგომშიც იტყვიან თავიანთ სათქმელს სხვადასხვა დონეზე...
1994 წლის საფრანგეთის ჩემპიონის სახელით, პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი მიუნხენის ბაიერნთან, მოსკოვის სპარტაკსა და კიევის დინამოსთან ჭიდილში პირველ ადგილზე დაასრულა. გუნდს კლუბის ლეგენდა ლუის ფერნანდესი წვრთნიდა, მოედანზე კი ლიბერიელი „მეფე ჯორჯი“ ბრწყინავდა, რომელსაც მხარს კარგად უბამდნენ ვენსან გერენი, დავიდ ჟინოლა და ბრაზილიელები - ვალდო და რაი. მეოთხედფინალში პარი სენ-ჟერმენმა გზიდან იოჰან კრუიფის დამოძღვრილი ნაქები ბარსელონაც ჩამოიშორა, მაგრამ ნახევარფინალი ფაბიო კაპელოს გაწვრთნილ მილანთან ორი მარცხით, უგოლოდ დათმო.
იწყება 1995-96 წლების სეზონი და პარი სენ-ჟერმენი კვლავ თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობს. „ლურჯ-წითლებმა“ სეზონის წინ ჯორჯ ვეა, დავიდ ჟინოლა და ვალდო დაკარგეს, თუმცა გუნდში ახალი სახეებიც არიან: იური ჯორკაეფი, პატრის ლოკო, ბრუნო ნგოტი და პანამელი ხულიო დელი ვალდესი.
ლუის ფერნანდესის გუნდი გათამაშებაში მოლდეს (3:2; 3:0), სელტიკს (1:0; 2:0), პარმასა (0:1;3:1) და ლა კორუნიის დეპორტივოს (1:0; 1:0) ზედიზედ ამარცხებს და ისტორიაში პირველად გადის ევროტურნირის ფინალში, სადაც თასს ავსტრიული გუნდი ეცილება:
8 მაისი,1996 წ. ბრიუსელი, მეფე ბოდუენის სტადიონი, 38 402 მაყურებელი.
პარი სენ-ჟერმენი: ლამა (კ.); კოლეტერი, ნგოტი, ლე გუენი, როში; ფურნიე (ლიასერი, 77), დ.ბრავო, გერენი, რაი (დელი ვალდესი, 12); ჯორკაეფი, ლოკო.
მწვრთნელი: ლუის ფერნანდესი
ვენის რაპიდი: კონსელი (კ.); ჰაცი, ტ. ივანოვი, შიოტელი, გუგი; ჰერაფი, კიუბაუერი, შტიოგერი, მარაზეკი; შტუმპფი (ბარიშიჩი, 46), იანკერი.
მწვრთნელი: ერნსტ დოკუპილი
გოლი: 1:0 ნგოტი, 29.
მსაჯი: პიერლუიჯი პაირეტო (იტალია)
პარი სენ-ჟერმენი თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა და ეს ტურნირი, რომ მისთვის შინაური იყო, იმანაც დაამტკიცა, რომ მომდევნო სეზონშიც გავიდა გუნდი ფინალში, სადაც პარიზელებმა „კიჭა“ რონალდო ვერ შეაჩერეს:
17 მაისი, 1997 წ. დე კუიპი, როტერდამი, 36 802 მაყურებელი.
ბარსელონა: ვიტორ ბაია; ფერერი, აბელარდო, ფ. კოუტუ, სერხი; გვარდიოლა, გ. პოპესკუ (კ.) (ამორი,46); ფიგუ, დე ლა პენია (სტოიჩკოვი, 85), ლუის ენრიკე (პიცი, 89); რონალდო.
მწვრთნელი: ბობი რობსონი
პარი სენ-ჟერმენი: ლამა; ფურნიე (ალჟერინო, 58), ნგოტი, ლე გუენი, დომი; ლერუა, გერენი (დელი ვალდესი, 68), კოე, რაი (კ.); ლეონარდო, ლოკო (პუჟე, 78).
მწვრთნელი: ლუის ფერნანდესი
გოლი: 1:0 რონალდო, 37 (პ.).
მსაჯი: მარკუს მერკი (გერმანია)
ამ მარცხამდე პარიზელებს კიდევ ერთი ევროთასის მოგების შანსი ჰქონდათ, მაგრამ UEFA-ს სუპერთასის ორმატჩიან დაპირისპირებაში თავიანთ კოშმარად ქცეულ იუვენტუსთან პირწმინდად დამარცხდნენ: შინ - 1:6, ხოლო ტურინში- 1:3.
ამრიგად, ევროსარბიელზე მეორე ტრიუმფამდე პარიზულ კლუბს ძალიან დიდი ხნით მოუწია მოცდა. შეგვიძლია ვახსენოთ 2001 წელს მოგებული, დღეისთვის აღარარსებული ინტერტოტოს თასი, თუმცა დამეთანხმებით, ეს თითქმის არაფრის მომცემი ტიტული პარ სენ-ჟერმენის ისტორიაში დიდი ვერაფერი ბედენაა.
დღეს კი პარიზი ზეიმობს, ზეიმობს ომახიან გამარჯვებას და წინ კიდევ არაერთი ტიტულისთვის ბრძოლაა. თუ გავითვალისწინებთ, ჩვენებურ ფეხბურთელს რა იღბალიც დაყვება, კვარასა და კომპანიას წელსვე შეუძლიათ რამდენიმე ტიტული მოიგონ და პარიზული კლუბის ჯერ კიდევ მოკრძალებულ კოლექციას მნიშვნელოვანი თასები შემატონ.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები