-
Aa
+
ფონტის ზომა
1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში, სულ მცირე ხნით გამოჩნდა, თითქოს ზღაპრული ელ დორადო მართლაც არსებობდა. კაშკაშა ყვითელი მაისურებით შემოსილი კოლუმბიის ნაკრები თამაშობდა ისე, როგორც მითიური ოქროს ქალაქის ელჩები, რამაც ევროპელი კოლონიზატორების წარმოსახვაც დაიმორჩილა. „ლოს კაფეტეროსის“ ფეხბურთი ანათებდა, მაგრამ როგორც კი კოლუმბიელებმა დაიჯერეს, რომ მოოქროვილ გზაზე იდგნენ, ყველაფერი მტვრად იქცა…
ამ საფეხბურთო ისტორიის დიდი ნაწილი ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, ანდრეს ესკობარის ორ გოლს შორის ვითარდება. 1988 წლის მაისში, კოლუმბიელთა პირველი ევროპული ტურნეს დროს, მისმა თავურმა გოლმა გუნდს ინგლისთან დამსახურებული ფრე (1:1) მოუტანა ლონდონის „უემბლიზე“, შესანიშნავმა თამაშმა კი დაადასტურა ის პოტენციალი, რომელიც წინა წლის კოპა ამერიკაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლებით გამოჩნდა და ეს მომენტი გუნდის დაღვინების დასაწყისად ჩაითვალა.
ექვსი წლის შემდეგ კოლუმბია იმდენად დაწინაურდა, რომ ბევრი ექსპერტი, მათ შორის ლეგენდარული პელე, გუნდს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებს შორის ასახელებდა, რაც სავსებით გამართლებული მოლოდინი იყო, თუმცა მუნდიალის მასპინძელ აშშ-სთან ესკობარის ავტოგოლმა დიდწილად განაპირობა ის, რომ კოლუმბია ტურნირიდან გამოვარდნილი პირველი გუნდი გახდა, ხოლო პრინციპულ მეტოქესთან მარცხი ეროვნულ ტრაგედიად იქცა – შინ დაბრუნებიდან ხუთი დღის შემდეგ ესკობარი მშობლიურ ქალაქ მედელინში მოკლეს…
ეს ის წლები იყო, როდესაც ქვეყანა ნარკოიმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ქალაქები, კალი და მედელინი ნარკოტიკით გაჯერებული ფულით ყვაოდა, კარტელები კი იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ და აურაცხელ ქონებას აგროვებდნენ, თუმცა ერთ-ერთი, რაშიც ფულს ხარჯავდნენ, ფეხბურთი იყო.
შიდა ჩემპიონატის დონემ საგრძნობლად აიწია, როდესაც კოლუმბიაში ვარსკვლავი ლეგიონერები ჩავიდნენ, განსაკუთრებით – „ამერიკა დე კალიში“, რომელიც ზედიზედ ხუთჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი 1982-86 წლებში.
მედელინის კლუბებმა საპასუხოდ სხვა გზა აირჩიეს. „ატლეტიკო ნასიონალმა“ გამოწვევას მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელების დამატებით უპასუხა. ეს იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მათმა მწვრთნელმა ფრანსისკო „პაჩო“ მატურანამ 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული ნაკრებიც ჩაიბარა და ორივე თანამდებობას ერთდროულად ითავსებდა.
1989 წელს „ნასიონალი“ გახდა პირველი კოლუმბიური კლუბი, რომელმაც პრესტიჟული კონტინენტური ჯილდო, ლიბერტადორესის თასი მოიგო. გუნდმა ასევე განსაზღვრა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა და ფილოსოფია.
კოლუმბია ტრადიციული სამხრეთ ამერიკული გიგანტებისგან განსხვავდებოდა. არგენტინამ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაცვითი სქემითა და დიეგო მარადონას გენიის წყალობით მოიგო, ბრაზილიამ კი მათ მიბაძა, მაგრამ მატურანამ გამოიყენა ოთხმცველიანი ხაზი, სადაც მეკარე რენე იგიტა ლიბეროს როლს ასრულებდა. ქარიზმატული და ექსცენტრული გოლკიპერი წლებით უსწრებდა თავის დროებას ფეხით თამაშის უნარითა და მრავალფეროვანი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სურვილით. 1990 წელს მატურანამ ამაყად განაცხადა: „რენესთან ერთად ჩვენ გვყავს მინდვრის 11 მოთამაშე“.
მატურანას გუნდები ზონალურად იცავდნენ თავს და ცდილობდნენ მეტოქისთვის სივრცე შეეზღუდათ. ამან კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს საშუალება მისცა, შეევიწროებინა მეტოქე და ამავდროულად შეენარჩუნებინა მოკლე გადაცემების სტილი, რომლის საკვანძო ფიგურაც კარლოს „ელ პიბე“ ვალდერამა იყო.
ხუჭუჭთმიან ნიჭიერ ნახევარმცველს ხშირად აკრიტიკებდნენ სისწრაფის ნაკლებობის გამო, მაგრამ ცოტა თუ მოძრაობდა ბურთით ისე დახვეწილად და ოსტატურად, როგორც ის – 1987 წლის კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშის წოდების მქონე. ჩანდა, რომ ვალდერამა ყოველთვის ბურთით იყო, მაგრამ სანამ მეტოქე ასართმევად მიუახლოვდებოდა, პასი უკვე გაცემული ჰქონდა. „ელ პიბე“ კარნახობდა რიტმს, რომელიც ისეთივე ჰიპნოზური იყო, როგორც კოლუმბიური სალსას მუსიკა.
ამ სათამაშო სტილმა იდეალური ადგილი ბარანკილიაში იპოვა – კარიბის ზღვის ნავსადგურში, რომელიც კოლუმბიის ნაკრების ბაზა გახდა. ბურთის ფლობაზე დაფუძნებული თამაში მეტოქეებს ფიტავდა, რასაც ახალთახალი სარბიელის, „ესტადიო მეტროპოლიტანოს“ ტრიბუნები და დამთრგუნველი სიცხეც აჩქარებდა.
ბარანკილიას ის უპირატესობაც ჰქონდა, რომ გუნდი ინტენსიური რეგიონული დაპირისპირებებისგან მოშორებული იყო. დედაქალაქი ბოგოტა და კალი გამუდმებით წუწუნებდნენ – მატურანას გუნდი „მედელინურიაო“, მაგრამ ეროვნული ნაკრები ხომ ყველასი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„როგორც ცხოვრობ, ისე თამაშობ. თუ გარშემო სითბო და სიყვარულია, უკეთ თამაშის შანსიც იზრდება.“ – ამბობდა ფრანსისკო მატურანა.
ლიდერ კარლოს ვალდერამათი, რომელსაც გვერდს უმშვენებდნენ ბერნარდო რედინი და ფრედი რინკონი, კოლუმბიამ 1990 წელს იტალიაში გამართულ მუნდიალის ჯგუფში კარგად იასპარეზა, თუმცა მერვედფინალში ტურნირის გუნდ-აღმოჩენა კამერუნთან რენე იგიტას ზედმეტი მოუვიდა, ბურთი დაკარგა, როჟე მილამ კი კოლუმბიელთა ოცნება გატანილ დუბლთან ერთად მინდორზე მაკოსას ცეკვით დაასამარა…
პროგრესი რთული იქნებოდა კლასიკური თავდამსხმელების გარეშე, ეს პრობლემა კი მალევე მოგვარდა ფაუსტინო ასპრილიასა და ადოლფო ვალენსიას გამოჩენით. ორივე მათგანმა ბრწყინვალე როლი შეასრულა 1993 წლის სექტემბერში არგენტინის სტუმრად განადგურებაში (5:0), რამაც კოლუმბიას 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაუნაღდა.
„ალბისელესტესთან“ გახმაურებული გამარჯვება კოლუმბიის ზედიზედ მე-20 წაუგებელი მატჩი იყო. სერია 28 მატჩამდე გაგრძელდა და ბოლივიასთან დამარცხებით (0:1) შეწყდა 1994 წლის აპრილში, თუმცა ამის შემდეგ მატურანას კრებულმა მომდევნო ხუთივე მატჩი გოლის გაუშვებლად მოიგო და შეერთებულ შტატებში ფავორიტის სტატუსით გაემგზავრა.
როგორც მატურანას თანაშემწემ, ერნან დარიო გომესმა აღნიშნა, კოლუმბიას მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეეძლო, თუმცა მუნდიალის წნეხის ქვეშ ყველაფერი შეიცვალა. პუბლიკის ქებით განებივრებული გუნდი ჩემპიონივით იქცეოდა, სანამ პირველივე მატჩში მწარე რეალობამ სილა არ გააწნა –პასადენაში რუმინეთის წინააღმდეგ „კაფეტერებმა“ ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს, მაგრამ გეორგე ჰაჯიმ და მისმა თანაგუნდელებმა სამხრეთ ამერიკელები კონტრშეტევებით დაჯაბნეს.
რუმინეთთან მარცხის (1:3) შემდეგ ქვეყნის შიდა პრობლემები ზედაპირზე ამოტივტივდა. ჯერ კიდევ იტალია 90-ის წინ გუნდი ნარკოკარტელებთან დაკავშირებული ფსონების სინდიკატებისგან მუქარებს იღებდა, მაგრამ ახლა სიტუაცია გაცილებით სერიოზული იყო – მსოფლიო ყურადღების ცენტრში ყოფნამ ფსონები გაზარდა. შესაძლოა, მედელინის კარტელის პოპულარული ბოსის, პაბლო ესკობარის რამდენიმე თვით ადრე სიკვდილმა გუნდის დაუცველობაც გააჩინა.
ტინო ასპრილია იხსენებდა, რომ ამერიკელებთან გადამწყვეტი მატჩის წინ მატურანა შიშისგან ტიროდა. მან ნახევარმცველი ბარაბას გომესი იხმო და პირდაპირ უთხრა, რომ ვერ ითამაშებდა, რადგან თუ ითამაშებდა მოკლავდნენ, მასაც და ყველასაც...
ფეხბურთელებმა ოჯახებში დარეკეს და სახლებთან დაცვა დააყენეს. ასპრილიას იმდენად სჯეროდა, რომ სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, ჰიმნების დროს ხალხში დაზაფრული იყურებოდა და სროლას ელოდა.
გასაკვირი არცაა, რომ თანაგუნდელები ასეთ სიტუაციაში ერთმანეთში ორი პასის გაკეთებასაც ვეღარ ახერხებდნენ. ანდრეს ესკობარი მეტოქის ჩაწოდების ჩაჭრას ცდილობდა, როდესაც ბურთი საკუთარ კარში შეაგდო და კოლუმბიელთა მარცხს სათავე ავტოგოლით დაუდო.
ჯგუფის ბოლო მატჩში, რომელიც უკვე აღარაფერს წყვეტდა, კოლუმბიის ნაკრებმა როი ჰოჯსონის გაწვრთნილი შვეიცარია ერნან გავირიასა და ჰაროლდ ლოსანოს გოლებით 2:0 დაამარცხა.
სამშობლოში დაბრუნებული ანდრეს ესკობარი მედელინში, შუაღამისას, კლუბ El Indio-დან სახლში მიმავალი, სამმა ბოროტმოქმედმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსი გასროლით მოკლა. „ატლეტიკო ნასიონალის“ მცველი 27 წლის იყო…
კოლუმბიელებმა ერთი წლის შემდეგ კოპა ამერიკაზე, ბრინჯაოს ფინალში აუღეს რევანში (4:1) აშშ-ის ნაკრებს და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს, თუმცა ეს არაფერი იყო ელ დორადოს აღმოჩენის მსგავს დიდ მოლოდინთან, მათი ამერიკული ოცნება ხომ საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა, ისევე როგორც – ანდრეს ესკობარის ტრაგიკული სიცოცხლე.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები

