ბრიტანელი მსახიობი, სერ პატრიკ სტიუარტი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ის 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში დაიღუპა. ოჯახის განცხადებით, სტიუარტს ალცჰაიმერის დაავადება და ლევის სხეულაკებიანი დემენცია ჰქონდა.
მაყურებლისთვის ის კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარი და პროფესორი ჩარლზ ქსავიერი იყო, საფეხბურთო სამყაროში კი ჰადერსფილდ თაუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ერთგულ გულშემატკივრად იცნობდნენ.
ჰადერსფილდის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვებოდა. Sky Sports-თან ინტერვიუში სტიუარტი იხსენებდა, რომ პირველ მატჩზე შვიდი წლის ასაკში ბიძამ, არნოლდმა წაიყვანა. ისინი ავტობუსით მივიდნენ კლუბის ძველ სტადიონზე, ლიდს როუდზე, სადაც ფეხბურთმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მსახიობის თქმით, ათწლეულების შემდეგაც ნებისმიერ სტადიონზე შესვლისას იმავე მღელვარებას გრძნობდა.
კლუბთან მისი ურთიერთობა მხოლოდ ტრიბუნიდან მხარდაჭერით არ შემოიფარგლებოდა. სტიუარტი ჰადერსფილდის აკადემიის პრეზიდენტიც იყო. 2017 წელს მან გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს თავისი ფილმის, ლოგანის, ჩვენებაზეც უმასპინძლა.
მშობლიურ კლუბთან კავშირი მსოფლიო პოპულარობასაც არ შეუცვლია. 2023 წელს სტიუარტმა ჰადერსფილდის დაარსების ადგილას სამახსოვრო დაფა გახსნა. მაშინ ამბობდა, რომ კლუბის მატჩებს თვალს ხშირად ერთი დღის დაგვიანებით ადევნებდა და ჰადერსფილდის გულშემატკივრობა ყოველთვის ეამაყებოდა.
სტიუარტი 1940 წელს, იორკშირის ქალაქ მირფილდში დაიბადა. სამსახიობო კარიერამდე ადგილობრივ გაზეთში რეპორტიორად მუშაობდა, თუმცა თეატრისადმი ინტერესმა მისი მომავალი განსაზღვრა. მოგვიანებით ის ბრიტანული სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად ჩამოყალიბდა. თეატრის ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს რაინდის წოდება მიენიჭა.
მსოფლიო აღიარება მას სერიალმა „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ მოუტანა, რომელშიც 1987-1994 წლებში კაპიტან ჟან-ლუკ პიკარს განასახიერებდა. კიდევ ერთი საკულტო პერსონაჟი პროფესორი ჩარლზ ქსავიერი გახდა „იქს-ადამიანების“ ფილმებიდან. ამ როლებით სტიუარტი მაყურებლის რამდენიმე თაობისთვის განსაკუთრებულ მსახიობად იქცა.
მისი კარიერა ექვს ათწლეულზე მეტს მოიცავდა, თუმცა ჰადერსფილდისადმი ერთგულება კიდევ უფრო ადრე დაიწყო - იმ დღეს, როცა შვიდი წლის ბიჭი პირველად აღმოჩნდა ლიდს როუდის ტრიბუნაზე.