როგორც ჩანს, 20-წლიანზე მეტი მმართველობის მანძილზე პირველად, ფლორენტინო პერესს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტი ეყოლება.
ახალგაზრდა ალიკანტელი ბიზნესმენი, ენრიკე რიკელმე, რომელიც 2021 წელსაც აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და კანდიდატურა ბოლო მომენტში მოხსნა, აპირებს რომ წლევანდელ, ვადამდელად ჩანიშნულ არჩევნებში პერესს წინააღმდეგობა გაუწიოს.
საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესაძლებლობა ენრიკეს 23 მაისამდე აქვს და როგორც ესპანური პრესა წერს, ფუნქციონერს საამისოდ ყველაფერი მზად აქვს.
რიკელმეს არჩევნებში მონაწილეობა ჟოზე მოურინიოს დანიშვნასაც აჭიანურებს - პორტუგალიელი სპეციალისტის შეთანხმება რეალთან ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ენრიკე არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ან ფლორენტინო პერესი არჩევნებს მოიგებს და პრეზიდენტად დარჩება.
შესაბამისად, თუ ენრიკე უარს იტყვის თავისი კანდიდატურის წარდგენაზე, მაშინ ჟოზე რეალთან კონტრაქტს 24 მაისს გააფორმებს, ხოლო თუ არა - მაშინ არჩევნების შემდეგ, თუ რა თქმა უნდა სენსაცია არ მოხდა და ფლორენტინო პერესმა არ წააგო.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბოლო არჩევნები, რომელშიც ფლორენტინო პერესმა მიიღო მონაწილეობა - 2000 წელს შედგა, როცა მოქმედი პრეზიდენტი ლორენცო სანსი დაამარცხა. მას შემდეგ, პერესი თანამდებობას ავტომატურად, კონკურენტის არ არსებობის გამო იკავებდა. 2006 წელს მისი ნაადრევი წასვლის შემდეგ არჩევნები რამონ კალდერონმა მოიგო, თუმცა 2009-ში პერესი მობრუნდა და კვლავ უკონკურენტოდ შეძლო თანამდებობის დაკავება.
იმ შემთხვევაში, თუ სენსაცია მოხდა და ენრიკე რიკელმემ მოიგო არჩევნები, მოურინიო ბენფიკაში დარჩება, რომელთანაც 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.