-
Aa
+
ფონტის ზომა
შაკირა იხსენებდა:
მე ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვიყავი, ამიტომ არც ვიცოდი ვინ იყო ის. როცა ვიდეო ვნახე, ვიფიქრე: „ჰმ, ეს საყვარელია“.
თავის მხრივ, პიკე იხსენებდა, რომ მასთან მიმოწერისას უთხრა:
ველოდებოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე უნდა გავსულიყავით, რომ ისევ მენახა.
2011 წლის მარტში მათ სოციალური ქსელების მეშვეობით ოფიციალურად დაადასტურეს რომანი, როდესაც პიკემ Twitter-სა და Facebook-ზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „Les presento a mi sol...Shak“ (წარმოგიდგენთ ჩემს მზეს).
2012 წლის სექტემბერში შაკირამ გამოაცხადა, რომ პირველ შვილს ელოდა და კარიერული აქტივობები დროებით შეაჩერა. 2013 წლის 22 იანვარს ბარსელონაში მათი პირველი ვაჟი, მილანი დაიბადა, ხოლო 2015 წლის 29 იანვარს მეორე შვილი საშა შეეძინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი 12 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ და სამაგალითო წყვილად მიიჩნეოდნენ, შაკირა ღიად აცხადებდა, რომ ქორწინების ეშინოდა:
სიმართლე გითხრათ, ქორწინება შიშს მგვრის. არ მინდა, მან ცოლად დამინახოს. მირჩევნია, შეყვარებულად ვყავდე - მის შეყვარებულად, საყვარლად. ეს ჰგავს აკრძალულ ხილს, მინდა ტონუსში ვყავდე.
წყვილს შორის მცირე უთანხმოება ძირითადად დისციპლინისა და პუნქტუალურობის გარშემო არსებობდა, რადგან მკაცრად რეჟიმზე მორგებულ ფეხბურთელს მომღერლისთვის ლოდინი უწევდა:
ჩვენს შორის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვკამათობთ, ის არის, რომ მე მაგვიანდება და ის მელოდება.
2022 წლის 4 ივნისს წყვილმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს შორდებოდნენ:
ვწუხვართ, რომ ვადასტურებთ ჩვენს დაშორებას. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რომლებიც ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია, გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად ცხოვრებას.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაშორების მთავარი მიზეზი პიკეს ღალატი გახდა. პრესაში იწერებოდა, რომ შაკირამ ღალატის შესახებ სახლში აღმოჩენილი მარწყვის ჯემის ქილის მეშვეობით შეიტყო. ჯემი არავის უყვარდა მათ ოჯახში პიკეს და ბავშვების გარდა, რაც ეჭვებს ამყარებდა. მიუხედავად ამ ამბის პოპულარობისა, შაკირამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ პიკე დაშორებიდან სულ რამდენიმე კვირაში საჯაროდ გამოჩნდა ახალ რჩეულთან, კლარა ჩია მარტისთან ერთად. მომღერალმა ამ ყველაფერზე განაცხადა:
ვგრძნობ, თითქოს ეს ყველაფერი ცუდი სიზმარია და რაღაც მომენტში გამოვფხიზლდები. ეს ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელი პერიოდია.
ამასთან, იმავე პერიოდში შაკირას მამა მძიმედ დაშავდა და ინტენსიურ თერაპიაზე (ICU) იმყოფებოდა, როდესაც პრესის მეშვეობით შეიტყო საყვარელი ადამიანის ღალატის შესახებ.
ოჯახის დანგრევის შემდეგ შაკირამ უზარმაზარი მსხვერპლი გაიხსენა, რომელიც სიყვარულის გამო გაიღო:
მისი კარიერისა და ფეხბურთში ტიტულების მოსაპოვებლად ჩემი კარიერა მეორე პლანზე გადავწიე და ესპანეთში ჩამოვედი. ეს იყო მსხვერპლი სიყვარულისთვის. მუსიკა არის ჩემი მაშველი. ყოფილა დღეები, როცა იატაკიდან ჩემი თავის ნაწილები უნდა ამეკრიფა.
მან გამოუშვა ემოციური და წარმატებული ჰიტები, როგორიცაა „Monotonía“ და მსოფლიო ჰიტი „BZRP Music Session #53“, სადაც პირდაპირ გააკრიტიკა პიკე და კლარა ჩია მარტი („შენ ფერარიში გაცვალე ტვინგო, როლექსი კასიოშიო“). მომღერალმა აღნიშნა, რომ მიუხედავად განცდილი ტკივილისა, მან ისწავლა საკუთარ თავზე დამოკიდებულება და მიხვდა, რომ ქალს მამაკაცი სრულყოფისთვის არ სჭირდება.
2022 წლის ნოემბერში, გრძელი და დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად, შაკირამ და პიკემ მეურვეობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც შაკირამ შვილებთან ერთად საცხოვრებლად მაიამიში (აშშ) გადასვლის უფლება მიიღო, რათა ბავშვებს უსაფრთხო გარემო ჰქონოდათ.
საქმეები აქ არ დასრულებულა. 2026 წლის ოქტომბერში ყოფილი წყვილი ბარსელონას სასამართლოში კვლავ წარსდგა. შაკირა ითხოვდა სამართლებრივი შეთანხმების გადახედვას, კერძოდ იმას, რომ ბავშვებს (მილანს და საშას) სკოლის მოკლე არდადეგების დროს ყოველ ჯერზე ატლანტიკის ოკეანის გადაკვეთა და ესპანეთში ჩასვლა არ მოსწეოდათ, რადგან ეს მათ ფიზიკურ, ემოციურ და აკადემიურ მდგომარეობას ვნებდა.
მისი შეთავაზებით, ბავშვების მამას უნდა ემოგზაურა მაიამიში მათ სანახავად, თუმცა პიკეს მხარე ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა და მიიჩნევდა, რომ ეს არღვევდა ორიგინალური შეთანხმების პირობებს. მიუხედავად მუდმივი დაძაბულობისა, ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი უპირველესი ზრუნვა შვილების მომავალი და კეთილდღეობაა.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები