დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისი არენაზე, ჯუდოს თბილისის დიდი სლემი მიმდინარეობს.
ტურნირის 1-ელ დღეს, ფინალურ ბლოკში მონაწილეობას 2 ქართველი მიიღებს და ორივე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
მამაკაცთა შორის, -66 კგ. წონით კატეგორიაში, თორნიკე გიგაურმა 3 ბრძოლა მოიგო, 1/2 ფინალში კი აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან იპონით დამარცხდა. თორნიკე ბრინჯაოს მედლისთვის 21 წლის კვიპროსელ პეტროს ხრისტოდულიდესს დაუპირისპირდება.
ქალთა შორის, -57 კგ. წონით კატეგორიაში, ნინო ლოლაძემ 2 შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით, თუმცა 1/2 ფინალში გასასვლელად ისრაელელ ინბალ შემეშის ვერ აჯობა.
ნინომ რეპეშაჟში გადაინაცვლა, იქ სერბ მარიცა პერიშიჩს მოუგო და მე-3 ადგილისთვის ფინელ ფიჰლა სალონენს შეებრძოლება.
ჩვენი ნაკრები გათამაშებაზე 42 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. მწვრთნელები რამდენიმე ლიდერს ასვენებენ, რისი მიზეზიც 16-19 აპრილს ასევე თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატია.
ტურნირში 24 ქვეყნის 172 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის, 94 კაცი და 78 ქალი.
Adjarabet Arena გათამაშებაზე აკრედიტებულია და მიმდინარე მოვლენებს ოპერატიულად, თბილისი არენადან მოგაწვდით.