ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალის წინ, უემბლიზე ნამდვილი სამართლებრივი და სპორტული დრამაა. ჰალ სიტის მფლობელმა, აჯუნ ილიჯალიმ, საჯაროდ განაცხადა, რომ თუ მისი გუნდი მიდლსბროსთან დამარცხდება, ის ოფიციალურ სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს.
საქმე იმაშია, რომ ჰალ სიტის ფინალში საუთჰემპტონთან უნდა ეთამაშა, რომელმაც ნახევარფინალში მიდლსბრო 2-1 დაამარცხა. მოგვიანებით საუთჰემპტონი ტურნირიდან მოკვეთეს. დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ დაადგინა, რომ გუნდი მეტოქეებს ფარულად უთვალთვალებდა. EFL-ის გადაწყვეტილებით, ფინალში საუთჰემპტონის ადგილი სწორედ მის მიერ დამარცხებულმა მიდლსბრომ დაიკავა.
სკანდალი ინგლისში - საუთჰემპტონი ჯაშუშობის გამო ფინალიდან მოკვეთეს
ილიჯალიმ ამ გადაწყვეტილებას წარმოუდგენელი უწოდა:
ჩვენი იურისტები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ წავაგებთ, სასამართლოს უნდა მივმართოთ. ჩვენ მხოლოდ სამართლიანობა გვინდა. თუ ტურნირიდან მოკვეთა იყო საჭირო, ეს ნახევარფინალამდე უნდა გაეკეთებინათ. გამოთიშული გუნდის ფინალში დაბრუნება სრულიად არასწორი გადაწყვეტილებაა.
ჯაშუშური სკანდალის გამო, საუთჰემპტონის მთავარ მწვრთნელს, ტონდა ეკერტს, გათავისუფლება და ფეხბურთიდან ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის. პარალელურად, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი თავად კლუბის წინააღმდეგ გეგმავს სასამართლო დავას - პრემიერ ლიგაში ვერგადასვლისა და ფინალიდან მოკვეთის გამო, მათ კონტრაქტებში ხელფასების შემცირების პუნქტი გააქტიურდა, რამაც მოთამაშეებს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა.
უემბლიზე გასამართი ეს შეხვედრა საფეხბურთო ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მატჩად უკვე იქცა, სადაც ფსონად პრემიერლიგის საგზური და 200 მილიონ ფუნტზე მეტი დევს.