ჰალ სიტი პრემიერ ლიგაში ბრუნდება. უემბლიზე გამართულ ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში კლუბმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა მიდლსბროს გატეხვა (1-0) და 9-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგას დაუბრუნდება.
როგორც პლეი-ოფის ფინალებს ახასიათებს, მატჩი საკმაოდ ნერვული, დაძაბული და მომენტებით ღარიბი გამოდგა. გუნდები ზედმეტ რისკს ერიდებოდნენ და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ შეხვედრა დამატებით დროში გადასულიყო, თუმცა, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე ნამდვილი საფეხბურთო დრამა დატრიალდა.
მიდლსბროს მეკარემ, სოლ ბრინმა, უხეში შეცდომა დაუშვა, როდესაც იუ ჰირაკავას ჩაწოდებული ბურთი ხელიდან გაუვარდა. იქვე მყოფმა ოლი მაკბერნიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა, ბურთი ბადეში გადაგზავნა და მიმდინარე სეზონში თავისი მე-19 და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდმა მოედანსა და ტრიბუნებზე მყოფი ჰალის ფანების გიჟური ზეიმი გამოიწვია.
დარჩენილ წუთებში ჰალ სიტიმ უპირატესობა შეინარჩუნა, საფინალო სასტვენმა კი დააფიქსირა, რომ ჰალ სიტი მომავალ სეზონში უძლიერესთა შორის ითამაშებს და მრავალმილიონიან სატელევიზიო თუ საპრიზო ფონდს მიიღებს. მიდლსბროსთვის კი, რომელმაც ფინალში თამაშის უფლება მოულოდნელად მიიღო, ეს სეზონი მძიმე მარცხით დასრულდა.