პრემიერ ლიგის ჩემპიონმა ლონდონის არსენალმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა მიმდინარე ზაფხულის მეორე ტრანსფერი.
კლუბის გადაწყვეტილებით, მეკარე კარლ ჰეინი კარიერას ბუნდესლიგის ბრემენის ვერდერში გააგრძელებს. ეს ტრანსფერი იმ შემადგენლობის წმენდის ნაწილია, რომელიც მიკელ არტეტამ მიმდინარე თვეში მცველ იაკუბ კივიორის პორტუში გაყიდვით დაიწყო.
24 წლის ესტონელი მეკარე გერმანულ კლუბს საბოლოოდ ივლისში შეუერთდება. ჰეინი არსენალის აკადემიაში 2018 წელს მოხვდა, თუმცა ძირითად გუნდში დამკვიდრება გაუჭირდა და ლონდონელთა მაისურით მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. გასული სეზონი მან ვერდერში იჯარით გაატარა, ახლა კი გერმანელებმა მისი კონტრაქტი სრულად გამოისყიდეს. არსენალმა ფეხბურთელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.
ჰეინის წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ლონდონელები პოლონელ მცველ იაკუბ კივიორს შეელინენ. პორტუგალიურმა პორტუმ იჯარის ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი გამოიყენა და ფეხბურთელი მუდმივ საფუძველზე გააფორმა. 26 წლის მცველის ტრანსფერით არსენალმა გარანტირებული 17 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსების სახით, შესაძლოა, კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატოს. მიკელ არტეტა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გუნდის ფინანსების დაბალანსებას და სათადარიგო ვარიანტების გადახალისებას აქტიურად ცდილობს.