მანჩესტერ სიტიში ეპოქალური ცვლილებების დრო დგება. პეპ გვარდიოლამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ასტონ ვილასთან კვირას გასამართი მატჩის შემდეგ, კლუბში თავის 10-წლიან მოღვაწეობას დაასრულებს. მის ადგილს, დიდი ალბათობით, ჩელსის ყოფილი თავკაცი და პეპის ყოფილი ასისტენტი ენცო მარესკა დაიკავებს.
ახალ მწვრთნელს უდიდესი წნეხის ქვეშ მოუწევს მუშაობა, მით უმეტეს, რომ გვარდიოლასთან ერთად გუნდს ბერნარდუ სილვა და ჯონ სტოუნსიც ტოვებენ. 55 წლის კატალონიელმა სპეციალისტმა თავის მემკვიდრეს მკაფიო გაფრთხილება უკვე დაუტოვა იმ მოთამაშის შესახებ, რომელიც კლუბისთვის ხელშეუხებელი უნდა იყოს.
საუბარია ფილ ფოდენზე. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის შემტევი ნახევარმცველი თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრების 26-კაციან სატურნირო განაცხადს მიღმა დატოვა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მიემგზავრება, გვარდიოლა მას ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდა. თავის წიგნში პეპმა ფოდენის შესახებ პირდაპირ დაწერა:
ჩვენ ფოდენთან ახალი კონტრაქტი შემთხვევით არ გაგვიფორმებია. ის არის ერთადერთი მოთამაშე, რომლის გაყიდვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ერთადერთი! 500 მილიონ ევროდაც კი არ დავთმობთ. ფილი არსად მიდის, ფილი თავად სიტია. როდესაც დავიდ სილვა წავა, ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ იქნება ჩვენი ახალი ჯადოქარი.
ფოდენს მანჩესტერული გუნდის მაისურით 368 მატჩი აქვს ჩატარებული და წლების განმავლობაში გვარდიოლას ერთ-ერთ ყველაზე საიმედო იარაღად ითვლებოდა შემტევი ხაზის სხვადასხვა პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში მისი სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ფოდენმა პრემიერლიგაში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ერთხელ მოიპოვა.
გვარდიოლამ განმარტა, რომ მისთვის ფოდენის სკამზე დატოვება ყოველთვის რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა ის მუდმივად მთლიანი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
ენცო მარესკასთვის პოზიტიური ის არის, რომ მას სრული წინასასეზონო სამზადისი ექნება ფოდენთან ერთად. საინტერესოა, როგორ გამოიყენებს ახალი მწვრთნელი გვარდიოლას მიერ ხელშეუხებლად მონათლულ ვარსკვლავს.