დევიდ მოიესმა ვესტ ჰემ იუნაიტედში ნამდვილი საოცრებები მოახდინა - შოტლანდიელმა სპეციალისტმა გუნდი ორჯერ იხსნა პრემიერ ლიგიდან გავარდნისგან, შემდგომ კი ძლიერი კოლექტივი ჩამოაყალიბა, რომელმაც ჩემპიონატი მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე დაასრულა. მანვე დაუსვა წერტილი კლუბის 43-წლიან უტიტულო სერიას, როდესაც 2023 წელს კონფერენს ლიგა მოიგო.
გულშემატკივრები მისი სათამაშო სტილით მაინც უკმაყოფილოები იყვნენ, რის გამოც მოიესმა კლუბი 2024 წელს დატოვა. მას შემდეგ ლონდონ სტადიუმზე საქმეები კატასტროფულად წავიდა, ხულიენ ლოპეტეგიმ და გრემ პოტერმა იმედები გააცრუეს, რის გამოც ვესტ ჰემი ახლა პრემიერ ლიგიდან გავარდნის მთავარი ფავორიტია.
სეზონის ბოლო მატჩის წინ, ვესტ ჰემი მეჩვიდმეტე ადგილზე მყოფ ტოტენჰემს 2 ქულით ჩამორჩება. პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ლონდონელებმა აუცილებლად უნდა დაამარცხონ ლიდს იუნაიტედი და პარალელურად იმედი იქონიონ, რომ მოიესის ახლანდელი გუნდი, ევერტონი, ტოტენჰემს მოუგებს. ნებისმიერი სხვა სცენარი, თუნდაც ვესტ ჰემის ფრე, გუნდს ავტომატურად აქვეითებს, ვინაიდან ტოტენჰემს ბურთების ბევრად უკეთესი ბალანსი აქვს.
საინტერესოა, რომ მოიესს უნიკალური შანსი ეძლევა, დაეხმაროს თავის ყოფილ კლუბს.
პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე შოტლანდიელმა ღიად განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაეხმარებოდა ვესტ ჰემს პრემიერ ლიგაში დარჩენაში ტოტენჰემის დამარცხებით, თუმცა იქვე დასძინა, რომ მისი მთავარი ფოკუსი მაინც ევერტონის სატურნირო ცხრილის პირველ ათეულში მოხვედრაა.
მიუხედავად მოიესის სურვილისა, ევერტონის ბოლოდროინდელი ფორმა გულშემატკივრებში შეშფოთებას იწვევს - გუნდს ჩემპიონატში უკვე ზედიზედ 6 მატჩია არ მოუგია.
წინ ნამდვილი საფეხბურთო დრამა გველის - ტოტენჰემს გადასარჩენად მხოლოდ საკუთარი მატჩის მოგება სჭირდება, ვესტ ჰემს კი სასწაულების ერთობლიობა აშორებს პრემიერ ლიგაში დარჩენასთან.