მანჩესტერ სიტის აკადემიის აღზრდილი, ნიკო ო’რაილი, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს. 21 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივართა გამოკითხვაში გაიმარჯვა, რაც ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რომ სულ რაღაც 24 საათით ადრე ის მანჩესტერული კლუბის შიდა გამოკითხვაში წლის საუკეთესო მოთამაშედაც (Etihad Player of the Year) დასახელდა.
ო’რაილიმ, რომელიც მანჩესტერ სიტის ასაკობრივ გუნდებში ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდა, დიდ ფეხბურთში სახელი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაითქვა. პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით მან ფენომენალური ენერგია და შრომისმოყვარეობა აჩვენა. ის თანაბრად ეფექტურია როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ინგლისელმა პრემიერლიგის 37 მატჩიდან 34-ში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 5 გოლი და შეასრულა 3 საგოლე გადაცემა.
მისმა პროგრესმა შეუმჩნევლად არ ჩაუარა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც. გასულ ნოემბერში ო’რაილის დებიუტი შედგა ინგლისის ნაკრებში, ხოლო ამ ზაფხულს ის თომას ტუხელის 26-კაციან სატურნირო განაცხადში მოხვდა და თავის კარიერაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
ნიკომ აღნიშნა:
ძალიან ვამაყობ ამ ჯილდოთი. ამდენი სათამაშო წუთის მიღება და მწვრთნელისა თუ თანაგუნდელების ნდობის მოპოვება ჩემი კარიერის უდიდესი მიღწევაა. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, კლუბის და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების, რომელთა მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობდი.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში ო’რაილიმ საკმაოდ სერიოზულ კონკურენტებს აჯობა. მან უკან ჩამოიტოვა საკუთარი თანაგუნდელი რაიან შერკი, ასევე კობი მაინუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუის ჰოლი (ნიუკასლი), მატეუს ფერნანდეში (ვესტ ჰემი), მაიკლ კაიოდე (ბრენტფორდი) და ბორნმუთის წყვილი - ჟუნიორ კრუპი და ალექს სკოტი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, ანუ ამ ჯილდოს დაარსებიდან, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი ხდება. მანამდე ეს აღიარება ორჯერ ფილ ფოდენმა (2020/21 და 2021/22) და ერთხელ ერლინგ ჰალანდმა (2022/23) მოიპოვეს.