ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრემიერ ლიგაში არსენალის ვადამდელ ჩემპიონობაზე ისაუბრა.
„ვულოცავ არსენალს ჩემპიონობას — მიკელმა [არტეტამ] და მისმა შტაბმა კოლოსალური სამუშაო შეასრულეს.
თუმცა, ამჯერად ეს სხვაგვარი ჩემპიონობაა, ვიდრე წინა წლებში იყო, როდესაც ოქროს მედლებს სხვა გუნდები იგებდნენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ჩემპიონმა გუნდმა საკუთარი გოლების 40% სტანდარტული მდგომარეობებიდან გაიტანა.
თუ არ ვცდები, ლუის ენრიკემ თქვა, რომ არსენალი ჩვენს ლიგაში ბურთის გარეშე თამაშში საუკეთესო გუნდია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ისინი საუკეთესონი მთელ ევროპაშიც არიან. ასე რომ, ფეხბურთი შეიცვალა და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მომავალ სეზონში, ჩვენი საკუთარი საფეხბურთო სტილით, არსენალსა და მანჩესტერ სიტის კონკურენციას კვლავ გავუწევთ.
საჭიროა სწორი ბალანსის პოვნა და იმის გაცნობიერება, რომ ფეხბურთი იცვლება და ვითარდება“, — განაცხადა სლოტმა.
ლივერპული, რომელიც 2024/25 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა, პრემიერ ლიგის ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.