ლივერპულისა და ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჯონ არნე რიისემ GOAL-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა დასჭირდება მანჩესტერ სიტის ვარსკვლავ ერლინგ ჰალანდს იმისთვის, რომ ოქროს ბურთი მოიგოს.
25 წლის თავდამსხმელს დიდი ხანია ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ბუნებრივ მემკვიდრედ მიიჩნევენ, თუმცა წელს ეს ჯილდო მისგან შორსაა.
ჰალანდი ახლოს იყო აღიარებასთან 2023 წელს, როცა სადებიუტო სეზონში 52 გოლი გაიტანა და ტრებლი შეასრულა, თუმცა მაშინ ჯილდო მსოფლიო ჩემპიონ მესის გადაეცა. მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის ტიტული არსენალს დაუთმო, ჩემპიონთა ლიგაზე კი მადრიდის რეალთან დამარცხდა, რის გამოც ნორვეგიელი წელს ფავორიტთა შორის აღარ სახელდება.
„ვფიქრობ, ერლინგს ეს ჯილდო ჯერ კიდევ ორი წლის წინ ეკუთვნოდა. ახლა ბევრი ახალი ტალანტი მოდის, როგორიცაა ლამინ იამალი თუ მაიკლ ალისე, რომლებიც ისეთ ფინტებს აკეთებენ, ხალხს რომ უყვარს. მოედანზე ისინი უფრო თვალშისაცემები არიან. ამიტომ, ჰალანდმა ოქროს ბურთის მოსაგებად უბრალოდ გიჟური რაოდენობის გოლები უნდა გაიტანოს, ალბათ პრემიერ ლიგის ახალი რეკორდიც უნდა დაამყაროს. თუ ის გატანას ასე გააგრძელებს, მის იგნორირებას ვეღარ შეძლებენ“, - განაცხადა რიისემ.
ჰალანდს მანჩესტერ სიტიში ჩატარებულ 198 მატჩში 162 გოლი აქვს გატანილი. ამ ზაფხულს მას დიდი გამოწვევა ელის, ნორვეგიის ნაკრებთან ერთად 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. მომავალ სეზონში კი კლუბში ახალ მწვრთნელთან მოუწევს მუშაობა, რადგან პეპ გვარდიოლამ მანჩესტერულ გუნდში 10-წლიანი ეპოქა დაასრულა.