ლივერპულისა და ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ჯონ არნე რიისემ GOAL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაოცებულია იმ კრიტიკით, რომელსაც მარტინ ოდეგორი არსენალის ფანების მხრიდან ხანდახან აწყდება.
27 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველი მიკელ არტეტას გუნდის კაპიტანი და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელმაც ლონდონელებთან ერთად 22-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ოდეგორის სტატისტიკა ოდნავ გაუარესდა და მან მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, რასაც სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების უკმაყოფილება მოჰყვა. „შოკირებული ვარ იმით, რომ მას საკუთარი ფანები ასე აკრიტიკებენ. ტიკტოკზე არსენალის გულშემატკივრები მას უბრალოდ ანადგურებენ. ეს დაუჯერებელია, რადგან ტრავმების მიუხედავად, ის მოედანზე ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ბრუნდება და არსენალის ყველა შეტევას სწორედ ის ქმნის“, - აღნიშნა რიისემ.
ნორვეგიელმა ვეტერანმა დაამატა, რომ ედეგორმა მადრიდის რეალში გატარებული რთული პერიოდის შემდეგ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ჯერ სოსიედადში, შემდეგ კი არსენალში გადავიდა. მისი თქმით, ადრე მარტინს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ბურთს მხოლოდ უკან და გვერდით აწვდიდა, ახლა კი მისი სათამაშო სტილი რადიკალურად შეიცვალა. ის მუდმივად მიდის მცველებზე, აკეთებს ეფექტურ პასებს, ქუსლით თამაშობს და გუნდის მთელ თამაშს კარნახობს.
ედეგორი გახდება არსენალის პირველი კაპიტანი პატრიკ ვიეირას (2004 წლის) შემდეგ, რომელიც პრემიერ ლიგის თასს აღმართავს, რასაც გუნდი კვირას, კრისტალ პალასთან მატჩის შემდეგ ოფიციალურად აღნიშნავს. გარდა ამისა, 30 მაისს არსენალს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისინი პსჟ-ს დაუპირისპირდებიან, სადაც ნორვეგიელი პლეიმეიკერი კვლავ მთავარი იმედი იქნება.