მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში ოფიციალურად პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე გათამაშებაში ფენომენალურად ითამაშა, საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური გაუნაღდა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ჟურნალისტების ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების შემდეგ, ახლა უკვე უმთავრესი ინდივიდუალური აღიარებაც დაიმსახურა.
გასულ უქმეებზე, ნოტინგემ ფორესტთან გამართულ შეხვედრაში ფერნანდეშმა მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მე-20 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის პრემიერ ლიგის ერთ სეზონში შესრულებული ასისტების ისტორიულ რეკორდს გაუტოლდა, რომელსაც აქამდე მხოლოდ არსენალის ლეგენდა ტიერ ანრი (2002/03 სეზონში) და მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი (2019/20 სეზონში) ფლობდნენ.
ფერნანდეშს შანსი აქვს ეს მიღწევა ერთპიროვნულად გააუმჯობესოს და რეკორდსმენი გახდეს, თუ კვირას, სეზონის დასკვნით ტურში, ბრაიტონთან გასვლით მატჩში კიდევ ერთ საგოლე პასს მიითვლის.