თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ქართველმა პირველ შეხვედრაში პოლონელი მოწინააღმდეგე, კშიშტოფ კაჩკოვსკი 15-7 დაამარცხა და T32-ში გავიდა. T16-ში შესასვლელ ბრძოლაში, სანდრო ამერიკელ ვილიამ მორილს დაუპირისპირდა და 15-11 სძლია.
ბაზაძე 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ეგვიპტელ მოჰამედ ამერს შეხვდა. ქართველმა მოწინააღმდეგე 15-11 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო. სანდროს მეტოქე 1/4 ფინალში ასევე ეგვიპტელი ზიად ელსისი იყო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და ქართველის გამარჯვებით 15-13 დასრულდა.
1/2 ფინალში სანდრო კვლავ ეგვიპტელ აჰმედ ჰეშამს დაუპირისპირდა. ქართველმა შეხვედრა 15-10 მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ფინალში სანდროს მეტოქე ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი იყო. ქართველმა სპორსტმენმა მოწინააღმდეგე 15-9 დაამარცხა და კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ბაზაძის კარიერაში ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 მედალია. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 2023 წელს კი - ვერცხლის.
