თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე ასპარეზობს.
ქართველმა პირველ შეხვედრაში პოლონელი მოწინააღმდეგე, კშიშტოფ კაჩკოვსკი 15-7 დაამარცხა და T32-ში გავიდა. T16-ში შესასვლელ ბრძოლაში, სანდრო ამერიკელ ვილიამ მორილს დაუპირისპირდა და 15-11 სძლია.
ბაზაძე 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ეგვიპტელ მოჰამედ ამერს შეხვდა. ქართველმა მოწინააღმდეგე 15-11 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო. სანდროს მეტოქე 1/4 ფინალში ასევე ეგვიპტელი ზიად ელსისი იყო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და ქართველის გამარჯვებით 15-13 დასრულდა.
1/2 ფინალში სანდრო კვლავ ეგვიპტელ აჰმედ ჰეშამს დაუპირისპირდა. ქართველმა შეხვედრა 15-10 მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია.


ფინალში სანდროს მეტოქე ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი იქნება. ფინალური დაპირისპირება 19:30 საათზე გაიმართება.
ბაზაძის კარიერაში ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 მედალი იქნება. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 2023 წელს კი - ვერცხლის.
დღეს თავისი მატჩი გამართა სანდროს ძმამ, ბექა ბაზაძემაც, რომელიც წარმატებული პირველი დღის შემდეგ უნგრელ კრისტიან რაბს დაუპირისპირდა. ბექა დაძაბულ ბრძოლაში 15-13 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
ასევე დღეს საქართველოს რაპირით მოფარიკავე კაცთა ნაკრები მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდა და 45-21 დამარცხდა, დაშნით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა კი დიდ ბრიტანეთთან წააგო 45-38.