საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავა.
ჩვენმა გუნდმა ტურნირის ბოლო, მე-3 შეხვედრა კოსოვოელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით მოიგო. ანგარიში მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა, კროვ ანდიუმ გახსნა. მეორე ტაიმში, შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრე ჩიქოვანმა გაათანაბრა, 73-ე წუთზე კი კოსოვოს მცველმა, პაკოლი არტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1.
შეგახსენებთ, საქართველომ პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკას 3:0 აჯობა, შემდეგ კი მასპინძელ ბულგარეთთან პენალტების სერიით დამარცხდა.
ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, ინიშნება 11-მეტრიანების სერია, რომელშიც გამარჯვება 2 ქულაა, ხოლო დამარცხებულს 1 ქულა ერგება.
შედეგად, 7 ქულით, ბულგარეთში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდელთა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე, 6 ქულით, მასპინძელი ბულგარეთი გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები კი სამხრეთ აფრიკამ (5) და კოსოვომ (0) გაინაწილეს.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემოდგომაზე, 17-წლამდელთა ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება და 3-გუნდიან ჯგუფში, ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს, 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
ფოტო: NAKREBI.GE