ჰანსი ფლიკმა ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-100 შეხვედრა ვილიარეალთან დამაჯერებელი გამარჯვებით (4:1) აღნიშნა, სადაც ლამინ იამალმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
გერმანელი სპეციალისტის ასდღიანი მოღვაწეობა კატალონიურ კლუბში შთამბეჭდავი შედეგებით გამოირჩევა: მან უკვე მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის თასი და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.
Transfermarkt-ის სტატისტიკით, ფლიკის მაჩვენებელი (საშუალოდ 2.34 ქულა მატჩში) ისეთ ლეგენდარულ მწვრთნელებს აღემატება, როგორებიც პეპ გვარდიოლა (2.32), ერნესტო ვალვერდე (2.27), ჩავი (2.09) და იოჰან კრუიფი (2.05) არიან.
ისტორიაში მხოლოდ ერთადერთ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ჰქონდა უკეთესი სტარტი პირველ 100 მატჩში (2.51 ქულა).

მიუხედავად იმისა, რომ ფლიკმა ამ დროში უკვე 4 ტიტულის მოგება მოასწრო, ის მაინც ჩამორჩება ენრიკესა და გვარდიოლას, რომელთაც ანალოგიურ პერიოდში 7-7 თასი ჰქონდათ მოპოვებული.
ამჟამად ფლიკის გუნდი სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას, თუმცა სამშაბათს ურთულესი ამოცანა ელის, ესპანეთის თასის ნახევარფინალში ატლეტიკოსთან 4 ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა და მორიგი რემონტადას შესრულება მოუწევს.