ბარსელონამ იცის, რომ თუ კვირას, კამპ ნოუზე გასამართ ელ კლასიკოში წაგებას აირიდებს, ლა ლიგის ჩემპიონობას ზედიზედ მეორედ გაინაღდებს.
ჰანსი ფლიკის გუნდი საკუთარ მოედანზე ფავორიტია, თუმცა მადრიდის რეალის წინააღმდეგ ისინი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ წარსდგებიან.
ლამინ იამალი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს სელტასთან მიღებული ტრავმის გამო, ეჭვქვეშაა რაფინიას სასტარტოში ყოფნაც. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ოსასუნასთან მატჩისთვის მზად იყო, მას ელ სადარზე ერთი წუთიც არ უთამაშია. MD-ის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რეალის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდეს.
რაშფორდი თუ ბარდჯი - ვის აირჩევს ფლიკი?
მოსალოდნელია, რომ ფლიკი თითქმის იმავე შემადგენლობას დააყენებს, რაც ოსასუნასთან ვიხილეთ, სადაც მარცხენა ფლანგზე ფერმინ ლოპესი ითამაშებს. რაც შეეხება მარჯვენა ფრთას, რაფინიას არყოფნაში ორი კანდიდატი განიხილება: მარკუს რაშფორდი და რუნი ბარდჯი.
ამ უკანასკნელმა ბოლო ორი მატჩი სასტარტოში დაიწყო, თუმცა თავის გამოიჩენა გაუჭირდა. რაშფორდი კი პირიქით, სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში და ორივეჯერ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა: ხეტაფესთან გოლი გაიტანა, ხოლო ოსასუნასთან საგოლე გადაცემა მიითვალა.
საინტერესოა, დატოვებს თუ არა ფლიკი რაშფორდს კვლავ ჯოკერად, თუ მისცემს შანსს მატჩის პირველივე წუთებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა დაიწყოს თამაში, მას ელ კლასიკოში თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი ექნება.