დღეს, 10 მაისს, კამპ ნოუ ესპანური ფეხბურთის უდიდეს დაპირისპირებას, ბარსელონა - რეალს უმასპინძლებს.
მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კამპ ნოუზეა მიპყრობილი, სადაც ელ კლასიკოში შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონობის ბედი გადაწყდეს. ბარსელონასთვის სიტუაცია მაქსიმალურად ხელსაყრელია: ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ჰანსი ფლიკის გუნდი მადრიდის რეალს 11 ქულით უსწრებს. კატალონიელებისთვის ერთი ქულის მოპოვებაც კი საკმარისია, რომ ოფიციალურად გახდნენ მიუწვდომელნი ბლანკოსისთვის და ლა ლიგის გვირგვინი დაიბრუნონ ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი 29-ედ დაიხურონ.
ბარსელონა სეზონის მთავარ მატჩს ფენომენალურ ფორმაში და ჩემპიონატში მოპოვებული ზედიზედ 10 გამარჯვებით ხვდება. წინა ტურში ბარსამ სტუმრად ოსასუნა დაამარცხა და 100 ქულის მოპოვების შანსებს დღემდე ინარჩუნებს - ამისათვის გუნდს ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება მოუწევს.

რეალის ბანაკში კი ნამდვილი ქაოსია და კლასიკო სრულად დაიჩრდილა - ჯერ რუდიგერისა და კარერასის კონფლიქტზე დაიწერა, შემდეგ კი ვალვერდემ და ჩუამენიმ ვარჯიშზე იჩხუბეს, რის გამოც ურუგვაელის საავადმყოფოში გადაყვანაც კი გახდა საჭირო. მართალია, მერე კი დაწერა, „წავიქეციო", თუმცა ამის დაჯერება/არ დაჯერების ამბავი თქვენთვის მოგვინდია.
ამ ყველაფრის ფონზე გახშირებულია საუბრები რეალში ჟოზე მოურინიოს მოახლოვებული დაბრუნებისა - ალვარო არბელოა სამწვრთნელო სკამზე თავის ბოლო დღეებს ითვლის და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, მომავალ სეზონში რეალის გადარჩენას „განსაკუთრებული" შეეცდება, რომელიც კლუბში 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება.
დარტყმისა თუ დავარდნისგან მიღებული დაზიანების გამო ამ შეხვედრაში რეალს ვალვერდე ვერ დაეხმარება, ასევე ტრავმირებულები არიან როდრიგო, მილიტაო, გიულერი, კარვახალი და მენდი, რომელსაც, თუ ესპანურ პრესაში დავუჯერებთ, იმდენად მძიმე ტრავმა დაუდგინდა, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრიც დაუწყია. მადრიდელებისთვის კარგი ამბავი მხოლოდ ისაა, რომ ტიბო კურტუამ და კილიან მბაპემ აღდგენა მოასწრეს და შესაძლოა, პირდაპირ სასტარტოდან დაიწყონ.
ამ სეზონში გუნდების გზები ორჯერ გადაიკვეთა, თუმცა ორივეჯერ - როცა რეალს ჯერ კიდევ ჩაბი ალონსო წვრთნიდა.
პირველი მატჩი ლა ლიგაში სანტიაგო ბერნაბეუზე რეალმა 2:1 მოიგო;
მეორე მატჩში კი ესპანეთის სუპერთასის ფინალში, ბარსელონამ ნეიტრალურ მოედანზე რევანში აიღო და 3:2 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა: ჟ. გარსია - კუნდე, კუბარსი, მარტინი, კანსელუ - ე. გარსია, პედრი - რაშფორდი, გავი, ფერმინი - ლევანდოვსკი
რეალი: კურტუა - ალექსანდერ-არნოლდი, რუდიგერი, ჰაუსენი, ფ. გარსია - კამავინგა, ჩუამენი, პიტარჩი - ბელინგემი - ვინისიუსი, მბაპე.