ლა ლიგის 31-ე ტურში, ესპანიოლის წინააღმდეგ გამართული მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, ბარსელონას ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხზე ხელი მოიკიდა, რამაც მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, ბარსელონამ კატალონიური დერბი დაჯერებულად, 4:1 მოიგო და 79 ქულით ლა ლიგის სათავეში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 36-ე წუთზე, ერთ-ერთი გარბენის დროს, ჟერარ მარტინმა მარჯვენა ფეხში ტკივილი იგრძნო, რის გამოც შესვენებაზე ის მარკ კასადომ შეცვალა. მცველი მოედანზე დაეცა და კუნთზე მიუთითებდა. ფლიკის რეაქცია მყისიერი იყო, რადგან მომავალ სამშაბათს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა ელის მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ.
მოედანზე მცირე დაბნეულობა შეიქმნა, თანაგუნდელები მწვრთნელს მისი შეცვლისკენ მიანიშნებდნენ, თუმცა სამედიცინო დახმარების შემდეგ მარტინმა ტაიმის ბოლომდე თამაში შეძლო. შესვენებაზე გასული ფეხბურთელი კოჭლობდა, მისი მდგომარეობა კი მაშინვე კლუბის ექიმმა, რიკარდ ბრუნამ შეაფასა.
მეორე ტაიმში მარტინი მოედანზე აღარ დაბრუნებულა, მის ნაცვლად თამაშში კასადო ჩაერთო. მოგვიანებით დაშავებული მცველი სათადარიგოთა სკამზე შენიშნეს, სადაც მას ნატკენ ადგილზე ყინული ჰქონდა დადებული.