ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსთან განცდილი მძიმე მარცხის (0:2) შემდეგ, ჰანს ფლიკმა პირველი პოზიტიური ამბავი გაიგო.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ნახევარფინალში გასასვლელად მადრიდში ნამდვილი სასწაული დასჭირდებათ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მწყობრში დგება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა ხუთშაბათს გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესის ნაწილი უკვე გაიარა. დე იონგი თებერვლის ბოლოდან მოყოლებული ლაზარეთში იმყოფებოდა და ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადიოდა.
მოსალოდნელია, რომ ფლიკი მას შაბათს, ესპანიოლთან დერბიში ათამაშებს. გეგმის მიხედვით, ფრენკი მოედანზე მეორე ტაიმში უნდა გამოვიდეს, რათა სათამაშო რიტმი დაიბრუნოს და სამშაბათს, ატლეტიკოსთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.
ბარსელონა ამ დროისთვის ლა ლიგას 76 ქულით ლიდერობს და მადრიდის რეალს 7 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი, დე იონგის დაბრუნება კი სეზონის გადამწყვეტ ფაზაში გუნდისთვის უდიდესი ძალა იქნება.