ალ ნასრის გულშემატკივრებმა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც გუნდის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს, მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ფეხბურთელმა საუდის არაბეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ალ იტიჰადის წინააღმდეგ (2:0) გამოტოვა. პორტუგალიელი ზედიზედ მეორე მატჩში არ გამოჩენილა, გუნდმა კი მის გარეშე ორივე თამაში მოიგო.
შეხვედრის მეშვიდე წუთზე ფანებმა რონალდუს გვარითა და მე-7 ნომრით ბანერები აღმართეს. პლაკატები კლუბის ფერებში — ყვითელსა და ლურჯში იყო შესრულებული.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რონალდუ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) კლუბს კონკურენტებთან, კერძოდ, ალ ჰილალთან შედარებით.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ PIF-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს და შესაძლოა, ზაფხულში ალ ნასრი MLS-ში ან ევროპულ ლიგაში გადასვლის მიზნით დატოვოს. დღეს გავრცელებული ცნობებით, კრიშტიანუ მზად იყო ალ იტიჰადთან ეთამაშა, თუ კლუბი სახელფასო დავალიანებას დაფარავდა. ფეხბურთელი სიტუაციის გამოსწორებას ელოდება.
