37 წლის ფრანჩესკო აჩერბიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი ინტერის შემადგენლობაში ისეთ მომენტში გაიტანა, როცა გუნდს გადარჩენა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ისევე როგორც მის პირად ცხოვრებაში მომხდარა.
"როცა მამაჩემი გარდაიცვალა 2012 წლის თებერვალში, მე ფსკერამდე დავეცი. დავიწყე სმა და დამიჯერეთ, ყველაფერს ვსვამდი. სიმსივნემ გადამარჩინა..."
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ინტერის ცენტრალურმა მცველმა ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ გაამხილა და გაიხსენა მისი პრობლემები და ის ჯოჯოხეთი, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ გაიარა, თვეებით ადრე სანამ 24 წლის მცველი მილანს შეუერთდებოდა.
მამა ფრანჩესკოს კარიერის აღმავალ პერიოდს ვერ მოესწრო, რადგან მან ახალგაზრდობის წლები იტალიის დაბალ დივიზიონებში გაატარა. მტკივნეული დანაკარგის შემდეგ აჩერბი დეპრესიას ებრძოდა და მამის გარდაცვალებისგან გამოწვეულ სევდას ალკოჰოლში ახრჩობდა.

"მინდოდა მისთვის მეჩვენებინა რისი გაკეთება შემეძლო. მისი სიკვდილის შემდეგ სიცარიელეს ვგრძნობდი და ფეხბურთმა აზრი დაკარგა. ამის შემდეგ კი ყველაფერი დაღმავალი იყო. ქედმაღალი გავხდი, სხვები საკმარისად კარგები არ იყვნენ. სანამ სიმსივნე არ დამიდასტურდა..."
აჩერბის დიაგნოზი ჯერ 2013 წლის ზაფხულში დაუსვეს, მას შემდეგ რაც სასუოლოში გადავიდა, შემდეგ კი იმავე წლის დასასრულს.
"გამოწვევა ყოველთვის საჭიროა ცხოვრებაში. ეს მჭირდებოდა, ჯერ მამაჩემის ამბავი და შემდეგ - დაავადების. შეუძლებელია შიში არ გქონდეს, მაგრამ ამის გარეშე კარიერას დავასრულებდი." - თქვა მცველმა, რომელიც ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა და მოედანს 2014-15 წლების სეზონამდე არ დაბრუნებია.
"ერთხელ ვიფიქრე, რომ მილანში უმაღლეს დონეზე 15 წელს ვითამაშებდი. დღეს კი ასე არ არის. სიმსივნის გარეშე 28 წლის ასაკში დავასრულებდი კარიერას. შესაძლოა სერია ბ-ში მეთამაშა, ჩიტადელაში, მაგრამ სიმსივნის შემდეგ ნამდვილი ცხოვრება დაიწყო, რამაც მეორე შანსი მომცა.

დეპრესიასთან, ალკოჰოლიზმთან და სხვა პრობლემებთან ბრძოლა ყველაზე რთული გამოწვევა იყო, მაგრამ აჩერბი მადლობას უხდის თავის ხასიათს, ფსიქოლოგის დახმარებასა და თავის ახლო მეგობრებს.
"ჩემი ორი სიმსივნის დიაგნოზის შემდეგ ფსიქოლოგს ველაპარაკე. მან ამიხსნა, როგორი რეაქცია მქონოდა და როგორ გადამედგა წინ ნაბიჯი. მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების ყოლა გარშემო, ვისაც ნამდვილად ენდობი. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა გინდა ცხოვრებისგან. არ აქვს მნიშვნელობა თამაშობ თუ არა, შენი დრო ადრე თუ გვიან მოვა."
და ეს დროც მოვიდა.
არა მხოლოდ ფრანჩესკოს საფეხბურთო კარიერა დაადგა განსხვავებულ, წარმატების გზას (იტალიასთან ერთად ევრო 2020-ის მოგება), არამედ მისმა პირადმა ცხოვრებამაც დააჯილდოვა ის დანებებაზე უარის თქმის გამო.
ის მის პარტნიორ კლაუდიასთან 2021 წლის სექტემბერში დაქორწინდა და წყვილს გოგონა ვიტორიაც შეეძინა. ეს სახელი შემთხვევითი არ არის, რადგან იტალიურად გამარჯვებას ნიშნავს. აჩერბიმ ახალშობილთან ერთად ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მის პროფესიონალურ ცხოვრებაში კი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ იყო.
2022-23 წლების სეზონში მილანის ინტერში მისი წარმატებული იჯარის შემდეგ, მან ლაციო დატოვა და ნერაძურის და მის ყოფილ მწვრთნელ სიმონე ინძაგის სრულფასოვნად შეუერთდა.
დღეს კი აჩერბი და ინძაგი (ინტერის მეკარე იან ზომერთან ერთად) არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტ დაფასებას იმსახურებენ ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან 4-3 გამარჯვების გამო, რამაც ინტერი მიუნხენში გაგზავნა.
ისევე როგორც აჩერბის ცხოვრება, ეს მატჩიც ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე აღმოჩნდა. ინტერი 2-0 იგებდა, შემდეგ ბარსელონამ თამაშის მოტრიალება შეძლო და 2-3 გავიდა წინ.
ეს კი მომენტი იყო, რომელსაც ფრანჩესკო მთელი ცხოვრება ელოდა. ინძაგიმ ვეტერანი მცველი მეტოქის საჯარიმოში გაგზავნა იმ მისიით, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა და სასწაულიც მოხდა.

ფრანჩესკო აჩერბიმ 37 წლის ასაკში, თავის 20-წლიან კარიერაში პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას გაუტანა ნახევარფინალში.
მან ორთაბრძოლაში რონალდ არაუხოს აჯობა და ვოიცეხ შესნის კარი ნამდვილი თავდამსხმელივით აიღო, თავისი გუნდი კი გავარდნას გადაარჩინა და თამაში დამატებით ტაიმებში გადაიყვანა.
მან გოლი ემოციურად აღნიშნა, მაისური გაიხადა და ჰაერში ახტა, მისი ანგელოზის ფრთების ტატუ კი ათი ათასობით გულშემატკრის თვალწინ გაიშალა.

დავიდე ფრატეზიმ დამატებით ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ინტერმა ორი მატჩის ჯამში 7-6 მოიგო, მილიონობით მაყურებელმა კი ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დაპირისპირება იხილა.
ახლა აჩერბის ბოლო ბრძოლა აქვს დარჩენილი, 31 მაისს, მიუნხენში. თუმცა მიუხედავად ფინალის შედეგისა, ერთი რამ ნამდვილად ფაქტია - ფრანჩესკო აჩერბის ტრიუმფი უკვე შედგა.