საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში პარი სენ-ჟერმენი სტუმრად ბრესტს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 65 წუთი გაატარა, რა დროის განმავლობაშიც აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა ლუის ენრიკემ ის 66-ე წუთზე დეზირე დუეთი შეცვალა.
მატჩის შემდეგ ფრანგულმა სპორტულმა გამოცემებმა ქართველი შემტევის თამაში შეაფასეს.
Culturepsg (4 ქულა):
აგვისტოსთან შედარებით ოდნავ მეტი მონდომება ჩანდა, მაგრამ თამაშზე გავლენა კვლავ ძალიან მცირე იყო.
Planetepsg (5.5 ქულა):
პირველ ტაიმში ორჯერ ძალიან ახლოს იყო გოლთან. ფიზიკურად ენერგიულად გამოიყურებოდა და დაცვაშიც ბევრს შრომობდა, თუმცა სისწრაფის ის მკვეთრი აფეთქება დააკლდა, რომელიც თამაშში გარდატეხის შესატანად არის საჭირო.
Parisfans (4 ქულა):
მან საკმაოდ ცოტა შანსი შექმნა, იღებდა სადავო გადაწყვეტილებებს და მეტოქე დიდად არ გაუკვირვებია, თუმცა მაინც ჰქონდა რამდენიმე კარგი ჩანაფიქრი.
Footmercato (4 ქულა):
ოთხი დარტყმის ავტორი ქართველი ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან, როცა 23-ე წუთზე მისი დარტყმა სელვიკმა მოიგერია, თუმცა სხვა მხრივ მას სიზუსტე აკლდა და ტემპსაც დაუკლო.
L'Equipe (4 ქულა):
ჩემპიონთა ლიგის სათადარიგოთა სკამზე დარჩენის შემდეგ, ქართველმა ვერც ჩემპიონატში შეძლო მდგომარეობის გამოსწორება. მან მხოლოდ ერთხელ შეასრულა თავისი საფირმო დარტყმა, სანამ დუე შეცვლიდა.
Le Parisien (5.5 ქულა):
მარცხენა ფლანგზე ეპიზოდურად შეძლო ხიფათის შექმნა. პირველი მცდელობა პირდაპირ კარისკენ მიდიოდა, მაგრამ სელვიკმა ბრწყინვალედ მოიგერია, ისევე როგორც მეორე სახიფათო დარტყმა.
მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის ოთხი ტურის შემდეგ კვარაცხელიას ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა. პსჟ სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს და მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, სტუმრად მარსელის წინააღმდეგ გამართავს.