სერია ა-ს მე-4 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონემ სტუმრად ჯენოასთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა (1:1), ქართველი შემტევი კი, რომელმაც მე-14 წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ეს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კვერნაძისთვის ზედიზედ მეორე გატანილი გოლი აღმოჩნდა.
VIDEO: გოლი ზედიზედ მე-2 მატჩში!!! კვერნაძის გოლი ჯენოასთან
წარმატებულ თამაშს იტალიური სპორტული გამოცემების მაღალი შეფასებები მოჰყვა.
Eurosport.it წერს (7 ქულა):
მან შეძლო ვენეციასთან გატანილი გოლის წარმატების გაგრძელება კიდევ ერთი შედეგიანი დარტყმით, რომელმაც გუნდს ქულა მოუტანა.
გამოცემა Fantacalcio (7 ქულა) აღნიშნავს:
მე-14 წუთზე ცივსისხლიანად იმოქმედა. ერთი შეხებით ჩამოიტოვა მარკანდალი და გოლი გაიტანა. ეს ზედიზედ მეორე გოლი იყო ვენეციასთან გატანილი ბურთის შემდეგ. მეორე ტაიმშიც სახიფათო იყო, მაგრამ ბილოუმ მისი დარტყმული მოიგერია.
თავის მხრივ, Tuttosport (7 ქულა) ხაზგასმით აღნიშნავს:
ფროზინონეს დაწინაურების ეპიზოდში საჯარიმოში შესანიშნავად შეიჭრა. სხვა მხრივაც დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა.
ყველაზე მაღალი შეფასება კი კვერნაძემ Tuttomercatoweb-ისგან დაიმსახურა (7.5 ქულა):
ჩოჩარელი კვარა (ფროზინონეს რეგიონი) კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ალვინის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. მარცხენა ფლანგზე ის მუდმივად ქმნის საფრთხეს და როდესაც საჯარიმოში შედის, შეუძლია მომაკვდინებელი იყოს, როგორც ამ გოლის ეპიზოდში.
სეზონის სტარტზე 4 ტურში კვერნაძის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, რასაც იტალიის თასზე იუვე სტაბიასთან შესრულებული დუბლიც ემატება.
ფროზინონე 7 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე კომოს წინააღმდეგ გამართავს.