მაიკლ კერიკი მიიჩნევს, რომ სანდერლენდთან ნულოვანი ფრე არ უნდა გახდეს მანჩესტერ იუნაიტედის სამომავლო გეგმების შეცვლის მიზეზი.
სანდერლენდში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს უკეთესი მომენტები ჰქონდათ - მეკარე სენე ლამენსმა ბრაიან ბრობის რთული ბურთი აუღო, ლუტშარელ გეერტრუიდამ კი ძელს გაარტყა. მიუხედავად ამ შედეგისა, იუნაიტედი მესამე ადგილს ინარჩუნებს და პრემიერ ლიგაში ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ლივერპულთან გამარჯვების შემდეგ, კერიკმა შემადგენლობაში ხუთი ცვლილება შეიტანა. ერთ-ერთი მათგანი ჯოშუა პირკზე იყო, რომელიც ძირითადში 2025 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა. კერიკმა აღნიშნა, რომ ერთი თამაშით გუნდის ან ინდივიდუალური მოთამაშეების შეფასება არასწორია:
ჩვენ ვიცით ჩვენი ფეხბურთელების ხარისხი, ვიცით სად ვართ ძლიერები და რა გვჭირდება გასაუმჯობესებლად. დღევანდელი ერთი მატჩი ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის.
მატჩის ბოლოს იყო სადავო ეპიზოდიც, როდესაც ნილსონ ანგულომ ბრუნო ფერნანდეშს სახეში ხელი მოარტყა, თუმცა მსაჯს წითელი ბარათი არ გამოუყენებია. კერიკმა ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეპიზოდი ტელევიზიით ჯერ არ უნახავს.
იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე განაღდებული აქვს და სეზონის ბოლომდე მხოლოდ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.