ლივერპული არნე სლოტის შემცვლელს ეძებს და ესპანური მედიის ცნობით, კლუბმა ელიტარული მწვრთნელის თაობაზე მადრიდის რეალს უკვე მიმართა.
ლივერპულში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუნდმა ჩელსისთან შინ ფრე (1-1) ითამაშა. გულშემატკივრებმა სლოტის გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი რიო ნგუმოჰას შეცვლა, სტვენით გააპროტესტეს.
ენფილდმა სლოტს დაუსტვინა - ფანების უკმაყოფილების მიზეზი
მიუხედავად იმისა, რომ სლოტმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო, წელს გუნდი საჩემპიონო რბოლას ნაადრევად გამოეთიშა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპული ჩაბი ალონსოს კანდიდატურით დაინტერესდა. მართალია, ალონსო რეალში აღარ მუშაობს, თუმცა მერსისაიდელები მადრიდულ კლუბს დაუკავშირდნენ, რათა ესპანელ სპეციალისტზე დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაცია მიეღოთ.
ალონსო ამჟამად უმუშევარია, რაც მას ლივერპულისთვის იდეალურ სამიზნედ აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ჯერჯერობით სლოტს ენდობა, ენფილდზე სამომავლო ცვლილებებისთვის ნიადაგს უკვე ამზადებენ.