ლივერპულის ყოფილმა მცველმა და ამჟამინდელმა ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა, ტოტენჰემის ირგვლივ შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი აზრით, „დეზების“ პრემიერ ლიგიდან გავარდნის საფრთხე სრულიად რეალურია.
ამ მომენტისთვის ტოტენჰემი 26 მატჩში დაგროვილი 29 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება. კარაგერმა აღნიშნა, რომ ტომას ფრანკის წარუმატებელი მუშაობის დასრულება გამართლებული იყო, თუმცა ახალ მწვრთნელს, იგორ ტუდორს, უმძიმესი მემკვიდრეობა ხვდა წილად.
სპურსი კატასტროფის პირასაა
„ხშირად ამბობენ, რომ კლუბი ზედმეტად დიდია ან ზედმეტად კარგი საიმისოდ, რომ ლიგიდან გავარდეს, მაგრამ ტოტენჰემის შემთხვევაში ამას არავინ ამბობს. მათი თამაშისა და ფორმის შედარება ვესტ ჰემთან — გუნდთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტოტენჰემის სტადიონზე მოიგო — აჩვენებს, რომ სპურსი კატასტროფის პირასაა.
თუ ისინი ჩემპიონშიპში გავარდებიან, ეს იქნება ყველაზე შოკისმომგვრელი და სამარცხვინო ვარდნა პრემიერ ლიგის ეპოქაში. მსგავსი რამ 1974 წლის შემდეგ არ მომხდარა, როდესაც დენის ლოუს ცნობილმა გოლმა მანჩესტერ იუნაიტედი მეორე დივიზიონში გაუშვა.
იგორ ტუდორს, რომელიც არსენალთან მატჩში სადებიუტო შემადგენლობას გამოიყვანს, უდიდესი ამოცანა ელის. ტოტენჰემის თავზე „გავარდნის“ აჩრდილი დაუნდობლად ტრიალებს“. — დაწერა კარაგერმა The Telegraph-ის პირად სვეტში.